დუბაის პალატების“ ქოლგის ქვეშ მოქმედი დუბაის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, დუბაისა და საქართველოში არსებულ კომპანიებს შორის, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები სავაჭრო მისიის პირველი ეტაპის ფარგლებში ჩატარდა. მისიის პირველი ეტაპი „ახალი ჰორიზონტების“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთში ვიზიტებს გულისხმობს.  ინიციატივის მიზანია დუბაიში დაფუძნებული კომპანიების საერთაშორისო ზრდის მხარდაჭერა და პერსპექტიულ გლობალურ ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.

თბილისში ჩატარებულ ღონისძიებაში დუბაიში დაფუძნებული 15 კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თითოეული მათგანი სხვადასხვა სექტორში საქმიანობს, მათ შორის:  ავტოინდუსტრია, სამშენებლო მასალები და მშენებლობა, ენერგეტიკა და განახლებადი ენერგიის წყაროები, სურსათი და სასმელები, ჯანდაცვა და ფარმაცია, ინდუსტრიული ინჟინერია, ქიმიური მრეწველობა, გადაზიდვები და ლოგისტიკა.

მისიის ფარგლებში, დუბაის სავაჭრო პალატის ინიციატივით, თბილისში გაიმართა ბიზნეს ფორუმიც, სახელწოდებით „ბიზნესის წარმოება საქართველოში“. ღონისძიება ჩატარდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოსა და სააგენტოს Invest in Georgia მხარდაჭერით.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ ნუაიმი, საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა, დუბაის პალატების საერთაშორისო ურთიერთობების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სალემ ალშამსი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია. ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, ბიზნეს ლიდერები და იმ ქართული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ დელეგაციის წევრებთან პარტნიორობის შესაძლებლობებით.

„ეს სავაჭრო მისია ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ძირითადი მიზნებისადმი: საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერება და ახალი ჰორიზონტების გახსნა დუბაიში არსებული კომპანიებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ აქ დამყარებული კავშირები გზას გაუხსნის ახალ პარტნიორობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის ზრდას საქართველოსთან,“ - აღნიშნა სალემ ალშამსიმ.

აღსანიშნავია ,რომ 2024 წელს დუბაისა და საქართველოს შორის ნავთობისგან თავისუფალმა ვაჭრობამ 2.8 მილიარდი დირჰამი, ანუ 761 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 58%-იან ზრდას წარმოადგენს. 2025 წლის პირველი ნახევრის მიწურულს, დუბაის სავაჭრო პალატის აქტიურ წევრად რეგისტრირებული იყო 114 ქართული კომპანია.

ბიზნეს ფორუმზე, დუბაის პალატამ წარმოადგინა ამომწურავი პრეზენტაცია დუბაის ეკონომიკურ გარემოზე და წარმოაჩინა ემირატების უნიკალური კონკურენტული უპირატესობები იმ კომპანიებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გაფართოებას გეგმავენ.

სააგენტო Invest in Georgia-ს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს მზარდ მიმზიდველობაზე გლობალური ინვესტორებისთვის. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნის ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა,  სტრატეგიული სავაჭრო ხელმისაწვდომობა და ინვესტორთა მიმართ კეთილგანწყობილი რეფორმები, რაც ზრდის ხელსაყრელ საფუძველს ქმნის.

დუბაის სავაჭრო პალატამ საქართველოში ექსპორტისთვის მაღალი პოტენციის მქონე რამდენიმე პროდუქტიც გამოარჩია, მათ შორის, მობილური ტელეფონები, პარფიუმერია, სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერები, ტექსტილის ნაწარმი და ალუმინი.

დუბაიში დაფუძნებული კომპანიებისთვის, საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესო სექტორებია: ტრანსპორტი და სასაწყობე მიმართულება, ტურიზმი, სურსათი და სასმელები, კერამიკა და მინა, პლასტმასის წარმოება და უძრავი ქონება.

 

დუბაის სავაჭრო პალატის შესახებ:

დუბაის სავაჭრო პალატა 1965 წელს დაარსდა და დღესაც აგრძელებს ბიზნეს საზოგადოების ინტერესების წარმოჩენას, მხარდაჭერასა და დაცვას, ქმნის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს და აღიარებულია, როგორც ემირატების გლობალური ბიზნეს ცენტრი. პალატა მოქმედებს „დუბაის პალატების“ ქოლგის ქვეშ, რომელიც შეიქმნა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, დუბაის მმართველის ბრძანებულების საფუძველზე.