საქართველოში საავტომობილო ბაზარი სტაბილურად იზრდება და როგორც „კავკასუს ავტო იმპორტის“ კომერციული დირექტორი ალექსანდრე ვეკუა ამბობს, პანდემიის შემდეგ არ ყოფილა წელი, ზრდა რომ არ დაფიქსირებულიყო.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ალექსანდრე ვეკუა აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე არის ჩამოყალიბებული საავტომობილო ჰაბად, ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა გამართული და იმავე დუბაის არაფრით ჩამოუვარდება. შესაბამისად, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, მათ შორის, მარკეტინგული პროექტები, რომ ქვეყანამ ეს შანსი წარმატებით გამოიყენოს.

„საქართველო, როგორც საავტომობილო ჰაბი პოსტსაბჭოთა სივრცეს ასე თუ ისე ვერ გასცდა, ამაზე შევთანხმდეთ, რასაც თავისი მიზეზები აქვს. ამ ხალხთან ახლოს ვართ როგორც ისტორიულად, გვაქვს მიმოსვლა და ავტომატურად, თავისით ჩამოყალიბდა ისე, რომ გაიცნეს საქართველო, როგორც საავტმობილო ჰაბი. ალბათ, აჯობებს, მომავალი პერიოდი დავუთმოთ რეგიონში უფრო აქტიურ მარკეტინგულ სამუშაოებს. მაგალითად, ტაჯიკეთში ბევრად მეტი ავტომობილი შეჰყავთ, ვიდრე ჩვენი წილია და ეს ავტომობილები მათთან საემიროებიდან შედის - დუბაი მეორე საავტომობილო ჰაბია ჩვენს ახლო რეგიონში. გაგიკვირდებათ და ერაყში შედის ათასობით ავტომობილი და იქაც - დუბაიდან. რუკას რომ დავხედოთ, 2600 კილომეტრია დუბაიდან ჩრდილოეთ ერაყამდე, ჩვენგან კი მანძილი ორჯერ ნაკლებია. გვაქვს შანსი, გაცილებით უფრო იაფად, ახლოს, უფრო მარტივი გზებით შევთავაზოთ ადამიანებს იმპორტი თუნდაც არაბულ ქვეყნებში“, - აცხადებს ალექსანდრე ვეკუა.

მისივე განმარტებით, 2025 წლის 11 თვეს თუ შევადარებთ გასული წლის იმავე პერიოდს, „კავკასუს ავტო იმპორტის“ შემთხვევაში, დაახლოებით 20%-იანი ზრდა არის იმპორტში და დაახლოებით 10%-იანი ზრდა - რეექსპორტში.

„ყირგიზეთისა და ყაზახეთის წილი ჩვენი მთლიანი რეექსპორტის 75%-ია, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია ორი ქვეყნისთვის და ნამდვილად არ მიუთითებს დივერსიფიკაციისკენ. წლის ჭრილში რომ შევხედოთ, მესამე აზერბაიჯანი იყო, თუმცა ბოლო 3 თვეს თუ გადავხედავთ, მესამე ადგილზე ტაჯიკეთია. დივერსიფიცირება ნამდვილად საჭიროა და აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ამაზე რეგიონში სხვა ქვეყნებთან, რომ მაქსიმალურად „მივყიდოთ“ ჩვენი საავტომობილო ჰაბი და უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ საქართველო, როგორც საავტომობილო ჰაბი, რათა სექტორი უფრო მეტად დივერსიფიცირებული გავხადოთ, რაც 2026 წლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს როგორც იმპორტიორებისთვის, ისე - ექსპორტიორებისთვის. მათ შორის, ხელშეწყობა უნდა წამოვიდეს სახელმწიფოს მხრიდანაც“, - ამბობს ალექსანდრე ვეკუა.