ICR ჯგუფმა საქართველოში იტალიური ბრენდის REPLAY-ს შემოყვანა 2024 წლამდე გადადო.
როგორც კომპანიის სამეთვალურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ამბობს, ბრენდის ქვეყანაში დაბრუნება მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმებოდა, თუმცა, ადგილმდებარეობის მოძიება გაჭიანურდა და მომავალი წლის მარტამდე გადაიდო.
„კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, მაგრამ მაღაზიის ადგილმდებარეობის შეთანხმება ბრენდთან ხდება, ამიტომ ეს პროცესი ცოტა გაჭიანურდა. საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას, შევჯერდით თბილისში კონკრეტულ ადგილზე, თუმცა, სად გაიხსნება REPLAY-ს პირველი მაღაზია, ამას ამ ეტაპზე კონფიდენციალურად დავტოვებ.
Replay-ს მაღაზია საქართველოში დაახლოებით ათი წლის წინ იყო, თუმცა ბაზრიდან გავიდა და ახლა ჩვენ ამ ბრენდს ვაბრუნებთ. ფაქტობრივად, ის Diesel-ის კონკურენტი ბრენდია“, - ამბობს კახა ხაზარაძე
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ICR ჯგუფს ვალდებულებას იღებს საქართველოში 3 წლის განმავლობაში Replay-ს ბრენდის სამი მაღაზია გახსნას.
ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.