„ჩემთან კონტაქტი მარტივია. ხალხი მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით თაობა, რომლის იმედიც მაქვს, რომ მომავალში მაგარ ცხოვრებას ააშენებენ,” – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
რას მიიჩნევს წარმატებული ბიზნესის საიდუმლოდ, როგორი სამომავლო გეგმები აქვს, რა ახარებს და რაზე სწყდება გული - ამ და სხვა თემებზე თემურ ჭყონიამ გადაცემა „საქმის“ საახალწლო ეთერში ისაუბრა.
ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობთ საზოგადოებაში, ყველამ იცის, ვინ არის თემურ ჭყონია. ბევრი ცნობილი ბრენდი არსებობს საქართველოში, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ვინ არის მწარმოებელი. დღეს „კოკა-კოლა“ უფრო პოპულარულია თუ თემურ ჭყონია, შესაძლოა, საკამათო თემა იყოს. თქვენ რითი ხსნით ამას?
რთული კითხვაა, იმიტომ, რომ არ ვარ მზად პასუხის გასაცემად. ამ თემაზე მიფიქრია, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ბევრი შეხვედრები მაქვს, არასდროს ვერიდები ურთიერთობებს, დაცვა არ მყავს, ამიტომ ჩემთან კონტაქტი მარტივია. ხალხი მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით თაობა, რომლის იმედიც მაქვს, რომ მომავალში მაგარ ცხოვრებას ააშენებენ. იმედი მაქვს, ჯანზე ვიქნები და მოვესწრები იმ საქართველოს, რომლის ღირსიც არის ჩვენი ქვეყანა. გახსნილი ვარ, ჩემთვის ზღუდე, ბარიერები ადამიანებთან არ არსებობს.
დაცვა რატომ არ გყავთ?
დაცვა არც მყოლია არასოდეს. მივეჩვიე ასე ყოფნას, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვარ და ამ თემისთვის არც მიმიქცევია დიდი მნიშვნელობა. ვისგან და რისგან უნდა ვიყო დაცული?!
წელი რომ შევაჯამოთ, ძალიან რთული, პოლიტიკური კრიზისის წელი იყო, ბევრი გამოწვევა ვნახეთ დაწყებული საპროტესტო აქციებით, მოქალაქეების თუ პოლიტიკური სახეების პოლიტიკოსების დაპატიმრებებით, დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობებით, საპარლამენტო ბოიკოტით და ა.შ. ბიზნესმა როგორ გადაიტანა ეს წელი და რამდენად შეეხო ნეგატიური თვალსაზრისით ყველა ის სირთულე, რომელიც ქვეყანამ გამოიარა?
საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს ისეთი რთული პერიოდი აქვთ გავლილი, არამარტო დამოუკიდებელ საქართველოში, არამედ იმ საქართველოში, რომელიც გაცილებით დიდად იყო დამოკიდებული იდეოლოგიურად თუ სტრუქტურულად, გავლენების ქვეშ იყო... ისეთი სკოლა აქვთ გამოვლილი დღევანდელ ბიზნესმენებს, დღევანდელი სიტუაცია შეიძლება თამაშადაც მოეჩვენოთ. ეს ხუმრობით… რეალურად რომ შევხედოთ, მე ოპტიმისტურად ვცხოვრობ და უკვე გასული წელი ჩემთვის საინტერესო აღარ არის. მთავარია, რომ ის დამთავრდეს ისეთად, როგორც იყო და მომავალი წელი დავიწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ეს არის ჩემი სურვილი, ვიდრე ის, რომ განვლილ წელზე ვიწუწუნოთ. 2025 წლის რაღაც მომენტები - უსამართლობა, ქიშპობა, სიძულვილი, ჩასაფრება, კრიტიკა ყველაფრის მიმართ დარჩეს ამ წელში, მოდი ასე ვისურვოთ და მომავალ წელი დავიწყოთ მხოლოდ კარგით. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველაფრის გაიდეალიზება, მაგრამ ხომ შესაძლებელია, რომ აგრესიამ დაიწიოს და სხვანაირად შევხედოთ... თუ ამჩნევთ, ძალიან სწრაფად გადის დრო და ამ სისწრაფეში, ამ სიტუაციაში საუბრებში ვკარგავთ ძირითადად ერთმანეთის პატივისცემას, სიხარულს, სიყვარულს, შვილებს…
რა არის მთავარი, რაც გვასუსტებს?
არასწორი ანალიზი და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა… ემპათია გვაქვს დაკარგული. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, ვინმეს რამე ვაპატიოთ. ხშირ შემთხვევაში ვფიქრობ, ერთი სული გვაქვს ვიღაც დავიჭიროთ და ბოლომდე გავანადგუროთ, ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რაც მიმაჩნია, რომ ყველაზე ცუდია.
გული რაზე გწყდებათ?
ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ულამაზესი ქვეყანა, ულამაზესი ხალხით... ნორმალურ პირობებში ბევრ პოლიტიკოსს შევხვედრივარ, ტელევიზიების გარეშე, რომლებიც სრულიად ნორმალურები ყოფილან, ხანდახან მიკვირს ხოლმე, როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი აქ ასეთი კარგი იყოს და იქ რადიკალურად განსხვავებული. არ ვიცი, რა მომენტში თამაშობენ - აქ კეთილს თუ იქ ბოროტებას, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ ითამაშებენ იმ ნაწილს, რაც ჩვენ მოგვწონს და სადაც კეთილები არიან. მართალი ცხოვრებაც არ არის მარტივი, მაგრამ არც ისე რთულია. სულ რომ შენი თავი მიუძღვნა და მთელი ცხოვრება ცდილობდე, სარგებლის მისაღებად რაღაცას მოერგო, ეს კატასტროფაა. ხშირად ადამიანები კარიერას მორგებით იწყებენ, ვიდრე ცოდნით და შრომით... ერგებიან კიდეც და ამასობაში ისეთ მაგარ მსახიობებად ყალიბდებიან, რომ ასეთი ფასადური სახის შექმნა ბევრ ცნობილ მსახიობს გაუკვირდება.
ბევრ ცნობილ პოლიტიკოსს შევხვედრივარო ამბობდით... მოგვიყევით, როგორ დაგეხმარათ ედუარდ შევარდნაძე საქართველოში „მაკდონალდსი“ შემოგეყვანათ...
ედუარდ შევარდნაძესთან ხშირი ურთიერთობა მქონია, წარმოუდგენლად დიდი დონის პოლიტიკოსი იყო და ამას მარტო მე არ ვამბობ. ამას ამბობდნენ ის პოლიტიკოსები, ელიტა, რომლებიც ერკვევიან პოლიტიკაში იმ ფორმულებით და დიპლომატიით, რითიც ქვეყნები იმართება. არსებობენ ადამიანები, ვინც შევარდნაძეს უშუქობასთან აიგივებს, ამ დონემდე თუ დავიყვანთ ეს სხვა თემაა, მაგრამ გლობალურად რომ შევაფასოთ, ის წარმოუდგენლად დიდი პოლიტიკოსი იყო. ეს ჩემი შეხედულებაა. ერთ შემთხვევას მოგიყვებით. შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, შეხვედრა ჰქონდა მოწვეულ სტუმრებთან, მათ შორის იყვნენ მისი ყოფილი თანამშრომლები, თანამებრძოლები და ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად კომუნისტურ სისტემას ქმნიდნენ. შევარდნაძე რომ დაინახეს, რატომღაც ყველას ეგონა, რომ კომუნისტური სისტემა ბრუნდება, მათ შორის მეც გული გამისკდა ამდენი ყოფილი პარტიული მუშაკი რომ დავინახე. ამ შეხვედრაზე შევარდნაძე გამოვიდა და თქვა არაჩვეულებრივი ტექსტი, რომელიც დამამახსოვრდა: ჯერ აღწერა თავისი კარიერა, რომ იყო კომკავშირის პირველი მდივანი, ქალაქკომის მდივანი, ცეკას მდივანი, მინისტრი პოლიციის, პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, პოლიტბიუროს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი.. ეს ყველაფერი უთხრა და „აი, კომუნისტურ სისტემაში რა პრივილეგიებიც არსებობდა, ყველაფერი ნანახი მაქვს და გეუბნებით, არ ვარგოდა, დაივიწყეთ!“. მისმა მოქმედებამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
რაც შეეხება თუ რა კავშირი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს „მაკდონალდსთან“ - გადავწყვიტეთ, „კოკა-კოლასთან“ რადგან ვართ, „მაკდონალდსიც“ უნდა გვქონდესო. „კოკა-კოლას“ ვთხოვეთ, რომ ადამიანებთან, ვინც სხვადასხვა ქვეყნებში „მაკდონალდსის“ ინვესტიციებს წყვეტდნენ, შეხვედრა გვინდოდა და დაგვინიშნეს შეხვედრა ჩიკაგოში კომპანიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯიმ კანტალუპოსთან. გზაშიც დიდი ისტორიები გადაგვხდა - ბარგი დავკარგეთ, ხუთი ზომით დიდი ტანსაცმლით მივედით, მოკლედ ბევრი პრობლემა შეგვექმნა, თავის კურიოზებით.. შეხვედრის დროს კი ჯიმ კანტალუპომ მითხრა, რომ ერთ-ერთი პირობა, რითიც ბრენდის ფრენჩაიზის უფლებას მოგვცემდა, ლეგენდარულ შევარდნაძესთან მისი შეხვედრა იყო. ეს ის პერიოდია, როცა შევარდნაძეც და ყველაც, ყოველი კარის გაღებაზე ინვესტორს ელოდებოდა. მაშინ მე ძალიან შევიცხადე ეს ამბავი, ვუთხარი რომ ეს რთული საკითხი იყო, თუმცა დავპირდი, რომ ამ შეხვედრისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. ჩამოვედი, შევხვდი ედუარდ შევარდნაძეს და ეს პირობა გავაცანი. მან მაშინვე მიპასუხა, რომ თანახმა იყო - ჩამოვიდეს ინვესტორი და შევხვდებიო. მოკლედ, შეხვედრა მალევე შედგა და შევარდნაძის ქარიზმით, იუმორითა და არაჩვეულებრივი მიღებით მოხდა ეს ფაქტი. ძალიან დიდი როლი აქვს ედუარდ შევარდნაძეს „მაკდონალდსის“ საქართველოში შემოყვანაში.
სხვადასხვა დროს სულ იყო მოარული ხმები, რომ თემურ ჭყონია პოლიტიკაში მოდის, მათ შორის ბოლო იყო წინა ადგილობრივი არჩევნები, სადაც მერობის კანდიდატად მოიაზრებოდით. არასოდეს გიფიქრიათ და თუ არ გიფიქრიათ, რატომ?
არასოდეს მიფიქრია, მაგრამ უამრავი წინადადება მქონდა. ბევრი თანამდებობაც შემოუთავაზებიათ, მაგრამ არასოდეს მიზიდავდა ეს, რადგან პირველ რიგში ჩემ თავზე არ მქონია ასეთი წარმოდგენა. მეორე რიგში, თემებს, რომელსაც ვაკეთებ, გაცილებით საინტერესოდ ვხედავ. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და პარლამენტში შესვლით მომიწევდა ამ ყველაფერზე უარის თქმა. მესამე და უმთავრესი, ჩემს მეუღლესთან, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, პირობა მაქვს მიცემული, რომ პოლიტიკას არ გავეკარები.
თუმცა, ხშირად გეკითხებიან აზრს პოლიტიკურ თემებზე და ანგარიშსაც უწევენ თქვენს ნათქვამს...
კი, მაგრამ ბოლომდე არა. ხშირ შემთხვევაში შეიძლება მართალს ვამბობდე, უსმენენ, მაგრამ არ მიჯერებენ.
ძალიან კარგად გამოიყურებით. ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ?
ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, მაგრამ მარტო კუნთები არ უნდა ავარჯიშო, ტვინის ვარჯიშიც საჭიროა. ხშირად არის ჯანიანი ძლიერი, რადგან მხოლოდ კუნთებს ამუშავებს და ტვინიც რომ ამუშაონ, ბალანსი დაცული იქნება.
ადრე თქვით, რომ არ გიყვართ სიტყვა „აკრძალულია“. არის რაიმე, რასაც საკუთარ თავს უკრძალავთ?
არ მიყვარს წარწერები „აკრძალულია“ და „სასტიკად აკრძალულია“. არ მესმის რა განსხვავება ანუ რა გამოდის, სადაც წერია, რომ აკრძალულია შესვლა შეგიძლია და სადაც წერია, რომ სასტიკად აკრძალულია, არ შეიძლება?!
ახალ კიდევ ახალი თემა წამოვიდა ბოლო დროს - ამბობენ ქრთამზე იმიტომ დაიჭირეს, რომ წითელი ხაზი გადაკვეთაო. თურმე ქრთამი ფერადი ხაზებით ყოფილა - ლურჯზე ამდენის აღება შეგიძლია, მწვანეზე - ამდენის და წითელი არ უნდა გადაკვეთო... ანუ წითელ ხაზამდე აღება შეგიძლია და თუ გადაკვეთე, ეს ნიშნავს, რომ მექრთამეც აღარ ხარ, მასაც აჯობე. იუმორით შევხედე ამ ამბავს.
არის რაიმე, რაც დღესაც ბავშვივით გახარებთ?
დიახ. ვერაფრით ვერ შევეგუე „კოკა-კოლას“ ახალ წარწერას. ვერ აღვიქვამ, ისეთივე ემოცია აქვს, როგორც დასაწყისში.
რატომ, ზილები რომ გადაღებეთ წითლად, მაგის მერე?
ზილები კარგი თემა გაიხსენე, ახალგაზრდებს ხშირად ვუყვები ხოლმე. ეს ზილები, ხაკისფერი იყო და მაშინ ისეთი კარგი შესაღები საშუალებებიც არ გვქონდა, როგორც დღეს. უხეში ფუნჯით ვღებავდით, რომელიც მალე შრებოდა და იძულებულები ვიყავით ნავთში დაგვესველებინა და შემდეგ ისევ საღებავში. მოკლედ, გადავღებეთ და უცხოელები რომ ჩამოვიდნენ ნახეს ეს ხაკისფერი ზილები, თვალზე ცრემლი მოადგათ, მე ვიფიქრე, რომ შევეცოდეთ და თურმე ძალიან მოეწონათ და ეს ემოცია მიხარია. განათებული თბილისის რეკლამებს რომ დავინახავ, ჩემს ბავშვობაში ფილმებში რაც მქონდა ნანახი, რეალურ საქართველოში ვხედავ. ვერ ვეგუები ამას, იმდენად მიხარია, რომ ჩემთვის სხვა ემოციას ტოვებს.
რა არის მთავარი საქმეში წარმატებისთვის?
ხშირად საუბრობენ, რომ საჭირო არის ცოდნა, განათლება. მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში სწორი დისციპლინით, დაჟინებული ქცევით შეიძლება ცოდნაც გადაფარო. ცოდნა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ზარმაცი ხარ ცოდნაში და რამის მიღწევა გინდა, შეიძლება ჟინით, დისციპლინით უფრო მეტს მიაღწიო. რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია, როცა ჟინიც და ცოდნაც თანაბრად გაქვს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ჟინი და დისციპლინა არის წარმატების საწინდარი.
იღბალის გჯერათ?
რა თქმა უნდა, იღბალი მთავარია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. მე მაგალითად, რაც ვარ, არის იღბლის შედეგი. ერთმა მეცნიერმა თქვა, რომ ანგელოზი ყველას უკაკუნებს კარებზე, მთავარია ამ დროს არ იყო მთვრალი და არ გეძინოს, რომ გაუღო კარი… ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შანსი.. ზოგი ამას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ მე ამისი ძალიან მჯერა, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდის დაგვიკაკუნებს ანგელოზი და არ უნდა გავუშვათ ხელიდან.
ყველაზე არარეალისტური ამბავი, რაც თქვენს თავზე მოგისმენიათ...
არაფერი განსაკუთრებული არ მომისმენია. ბევრი ცუდი თქმულა, ჩემი მეუღლე კითხულობს ხოლმე და მეუბნება, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ვისთვისაც მე ვცხოვრობ და ვისაც მე ვიცნობ, მათ იციან მე ვინც ვარ და ვისაც აინტერესებს რეალური თემურ ჭყონია, მოვიდნენ და მნახონ.
ახალი წლის სასწაულების თუ გჯერათ? რამე განსაკუთრებული რიტუალი თუ გაქვთ?
„კოკა-კოლას“ წლევანდელი სლოგანია „სანტა უნდა ჰყავდეს ყველას“. ეს არის არაჩვეულებრივი ტექსტი, რომ ყველას უნდა ჰყავდეს სანტა ან თვითონ უნდა იყოს ვინმეს სანტა.
თქვენ ხართ ბევრის სანტა...
ვცდილობ. ადამიანები, ვინც მსოფლიო შექმნეს და ვინც ბიზნესის ფილოსოფია დააფუძნეს, ყველას წვალებით აქვს მოტანილი თავი კონკრეტულ დრომდე და მერე უკვე იწყებენ გაცემას იმ სიკეთის, რაც თავად მიიღეს ცხოვრებისგან ან ადამიანებისგან. ამიტომ უნდა გესმოდეს მეორე ადამიანის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მომავალი წლისთვის რამე ამბიციური გეგმები გაქვთ?
დიახ. ჩვენ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს - წყლის ბიზნესი ძალიან იზრდება და კიდევ ერთი ქარხანა უნდა ავაშენოთ. ძალიან მიხარია, რომ მომავალ წელს თელავში ვხსნით „მაკდონალდსს“. ასევე ახლა მუშავდება, ძალიან საინტერესო პროექტი „კოკა-კოლასთან“ ერთად, შეიძლება კონცენტრატების ქარხანა ავაშენოთ, შესაძლებელია, ხილის ახალი ჯიშები შემოვიტანოთ და ჩვენ თვითონ მოვამზადოთ კონცენტრატები.
ამასთან, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ახლა ნარჩენების შეგროვებაზე ზრუნვა იქნება. კონტრაქტი დავდეთ, რომ შუშის ბოთლი, რომელსაც ვაწვდით [ბაზარს] ჩვენ უნდა შევაგროვოთ. შემდეგი ეტაპია პლასტმასის შეგროვება. ახლა მოწვეული გვყავს გერმანელი სპეციალისტი, რომელიც სწავლობს ნარჩენების რაოდენობას, შემადგენლობას. ჩვენ არ ვართ გამოყოფილი იმ პრობლემებისა და საკითხებისგან, რაც დღეს საქართველოსა და მსოფლიოში ხდება. ეს არის გარემოს დაცვა, ადამიანის კეთილდღეობა, ხელფასების მომატება, შექმნა იმ გარემოსი, სადაც ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს. ამბობენ, გარემო ცვლის ადამიანსო, არსებობს მეორე თემა, რომ გარემოში ვლინდება ადამიანის თვისება, ამიტომ გარემო უნდა შექმნა ისეთი, რომ ადამიანმა თავისი ნიჭის, ცოდნის, კულტურის რეალიზაცია მოახდინოს.
საქართველოში არ გვაქვს კონცენტრანტების ქარხანა?
იმ ხარისხის, სტანდარტის კონცენტრატების ქარხანა, რასაც „კოკა-კოლა“ იყენებს არ გვაქვს. ჩვენ გვინდა იმ დონის კონცენტრატების ქარხანა ავაშენოთ, რომლის წარმოებულ პროდუქციასაც „კოკა-კოლა“ სხვა ქვეყნებს მიაწვდის, გვინდა, საექსპორტო პროდუქცია შევქმნათ. ეს ძალიან დიდი თემაა. ბიზნესის მოვალეობაა, რომ თავისი ნიჭი და შესაძლებლობა მაქსიმალურად განავითაროს, შექმნას სამუშაო ადგილები, გარემო იყოს ისეთი, რომ ადამიანმა ვინც იქ საქმიანობს, თავისი ნიჭი ბოლომდე გამოავლინოს და დაიხარჯოს. ხშირად საუბრობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდა და ამ დროს უნდა დაამატონ რომ ეს ბიზნესის შრომის შედეგად მოხდა..
2024 წლის მონაცემებით, 130 მილიონ ლარს აჭარბებდა საბიუჯეტო შენატანი. 2025-ში რამდენად გააუმჯობესეთ ეს მაჩვენებელი?
წელს „მაკდონალდსი“ და „კოკა-კოლა“ 375 მილიონამდე ლარს შეიტანეს ალბათ ბიუჯეტში, რაც კოლოსალურია… თუმცა, ვფიქრობ, ეს არ არის სატრაბახო რიცხვი, რადგან ჩვენი პოტენციალი გაცილებით დიდია.
ხელს რა გიშლით?
დრო, მაგრამ განვვითარდებით. ასევე მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული თემაც, თუმცა ეს ფაქტორი შემცირდა, რადგან ისეთ პროექტებს ვთავაზობთ, რომ უარის თქმა უჭირთ.
რას უსურვებთ ქართველ ხალხს, ჩვენს მაყურებელს, საკუთარ თავს?
ხშირად ამბობენ, რომ როდესაც უნდათ რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობის დაწყება, ახალი ფურცლიდან დაწყებაზე თანხმდებიან. შეიძლება ქართველ ხალხსაც შესთავაზოს მთავრობამ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება და ვისურვებდი, დავიწყოთ, ახალი ფურცლიდან მომავალი წელი.
(სტილი დაცულია)
წელს „მაკდონალდსი“ და „კოკა-კოლა“ 375 მილიონამდე ლარს შეიტანეს ალბათ ბიუჯეტში, რაც კოლოსალურია - თემურ ჭყონია
დღევანდელ ბიზნესმენებს ისეთი სკოლა აქვთ გამოვლილი, ახლანდელი სიტუაცია შეიძლება თამაშადაც მოეჩვენოთ - თემურ ჭყონია