ქართული ტკბილეულის მწარმოებელი „ჩირიფრუტი“ საშობაო სოფელში მონაწილეობას არ მიიღებს.

კომპანია 80-მდე სახეობის ტკბილეულს: ჩურჩხელას, ჩირ, მენდიანტს და შოკოლადის ბურთულებს, 2014 წლიდან აწარმოებს.

„ჩირიფრუტის“ დამფუძნებელი მაია ჯიქია, „კომერსანტთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ზეიმისა და საახალწლო განწყობის შექმნის საშუალებას არ იძლევა. ჯიქია ასევე ადასტურებს, რომ მათ კომპანია, საშობაო სოფელში მონაწილეობის მთავარ კრიტერიუმს- საახალწლო თემატიკას აკმაყოფილებს.

„მთავარი მოთხოვნა, რასაც  საშობაო სოფელში მონაწილეობისთვის უნდა აკმაყოფილებდე არის ის, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას საახალწლო თემატიკის წარდგენა.

ჩვენ ისეთი პროდუქცია გვაქვს, რომელიც უფრო სასაჩუქრეა, ტკბილეულია და ამიტომ ამ კატეგორიას ვაკმაყოფილებთ.

ახლა ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ არც არავინაა დღესასწაულის ხასიათზე და არც საზეიმო განწყობა არ არის. დღესასწაულს ძალით ვერ შექმნი.

მონაწილეობაზე შემოთავაზება არ ყოფილა და ასე ოფიციალური უარი არ მითქვამს, მგონი, ისედაც გაუქმდა ყველაფერი. უბრალოდ, არსებული ვითარება რთულია და საახალწლო განწყობა არ არის და არ ვაპირებთ საშობაო სოფელში მონაწილეობას“-, თქვა მაია ჯიქიამ.