დუალური სწავლება გულისხმობს დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს სტატუსი მქონე სუბიექტის მიერ პროგრამის ერთობლივად განხორციელებას, როდესაც პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების 50%-ზე მეტის შესაბამისი სწავლის შედეგები მიიღწევა სასწავლო საწარმოში.
რამდენად მნიშვნელოვანია დუალური სწავლების განვითარება საქართველოში და როგორ დაეხმარება ეს ბიზნესს. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში არაჯანსაღი ტრადიცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია უმაღლესი განათლების დიპლომის ქონა.
„ქვეყანაში არაჯანსაღი ტრადიცია გვაქვს, ადამიანი როცა ამთავრებს სკოლას საზოგადოება ფიქრობს, რომ მან იმავე წელსვე უნდა ჩააბაროს რომელიღაცა უმაღლეს სასწავლებელში და შემდგომ დიპლომი უნდა ეჭიროს ხელში. მენტალურად ამ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის უფლებაც კი არ აქვს სიცოცხლის ბოლომდე. ადამიანებს თავისუფალი არჩევანის საშუალება არ ეძლეოდათ და საზოგადოების გავლენის ქვეშ იყო.
ქვეყანაში არის 60 ათასამდე უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილებს ამ კურსდამთავრებულების სურვილებს ბაზარი. ეს არის სახლში დადებული დიპლომისთვის.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი თაობა, რომელიც მოდის, ამ მარწუხებიდან გათავისუფლდება და ცხოვრებაში 3-4 არჩევანი ექნება. არჩევანის რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ადამიანი რითაც არის ცხოვრებაში დაკავებული, იმით იყოს ბედნიერი და რა პროდუქტსაც ქმნის, იმით იყოს კმაყოფილი.
ჩვენ ქვეყანაში ჩამოყალიბდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელმაც ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიიღო რომ ჩამოყალიბებულიყო დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, ე.წ დუო, რომელიც სხვადასხვა დარგებს მოიცავს და მათ განვითარებას ითვალისწინებს, მე წარმოვადგენ ამ შემთხვევაში რესტორნების სფეროს. დუო განსაზღვრავს რა უნდა ისწავლებოდეს ამა თუ იმ სფეროში, როგორი უნდა იყოს მათი განათლების სისტემა და სად უნდა მიიღონ განათლება,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სწორი პოლიტიკა აუცილებლად გასატარებელია და ამან ხელი უნდა შეუწყოს დარგის და მათი მონათესავე დარგების განვითარებასაც. მან მაგალითად ტურიზმის სფერო მოიყვანა, რომელიც მისი თქმით ასევე მოიცავს, რესტორნებს, სასტუმროებს, გიდებს, სამთო მიმართულებებს, ტრანსპორტს, რითეილსაც კი.
„ქვეყანა უნდა განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ პროფესიები იქნეს შესწავლილი. ზოგი პროფესია მოკვდა, თუმცა დღესაა აქტუალური და გასაცოცხლებელია, ზოგი ახალი წარმოშობილია, რომელიც აუცილებლად შესასწავლია. საშუალო ფენის შექმნის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და ეკონომიკური წინსვლა, რომელიც შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს აისახება ადამიანების ჯიბეზეც, როდესაც ის თავისი პროფესიით მუშაობს.
დღეს ბიზნესის ნებისმიერ დარგს სჭირდება იმაზე მეტი კადრი, ვიდრე საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ მისცეს. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მეშვეობით, სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობით ხდება მომავალი თაობების გაზრდა პროფესიული განათლებით. ამით ეს ადამიანები შესაძლებლობას იღებენ არა მარტო ისწავლონ არამედ იმუშაონ. თავად ბიზნესი განსაზღვრავს, თუ რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ მასთან იმუშაოს. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი უკვე კვალიფიციური ხდება და არ სჭირდება ბიზნესს თავიდან გაზრდა და ნულიდან დაწყება.“- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
მან მაგალითად გერმანია მოიყვანა, სადაც მისი თქმით პროფესიული განათლება ძალიან მაღალ დონეზეა.
„გერმანიაში ჩემი სწავლის დროს ადამიანები, რომელთაც პროფესიული განათლება ჰქონდათ, დამცინოდნენ, „რა გინდა უნივერსიტეტში 5 წელი რატო უნდა ისწავლო, აგერ 2 წელიწადში ვისწავლე ყველაფერი და აწყობილი მაქვს ცხოვრება, მეტი რას ითხოვ ცხოვრებისგან“ - ასეთი შეხედულება ჰქონდათ და ასეთი ადამიანები 80%-ია გერმანიაში, რომელთაც პროფესიული განათლება აქვს, გერმანიის სახელმწიფოს კეთილდღეობაზე კი კითხვები ვერ დაისმევა.
თუ სააგენტო სწორ პოლიტიკას გაატარებს და სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესი სწორად იქნება ჩართული, ჩვენ ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და პირდაპირი მნიშვნელობით დღეს თუ განათლებაში ინვესტიცია და ფულია ჩასადები, ზუსტად დუალური განათლებაა ეს შესაძლებლობა,“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. მისი თქმით, ამაში მონაწილეობს როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე USAID-ი.