საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ადგილობრივი მოსაკრებლების სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში შესაბამისი აქტის გაცემაზე მოსაკრებელი მინიმუმ 4 500 ლარი და მაქსიმუმ 40 000 ლარი იქნება.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტი ოთარ ნარჩემაშვილი განმარტავს, ნებისმიერი დაჩქარებული მომსახურების დაწესება ორმხრივ კომფორტს ითვალისწინებს.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ ჩვენ სამართალდარღვევას არ ვაღიარებთ, ჩვეულებრივი წესის თანახმად, როცა მუნიციპალური ინსპექცია კონკრეტული ინსპექტირებისას გამოავლენს სამართალდარღვევას, აწესებს გონივრულ ვადას, როგორც წესი, 30 დღეს, გამოსწორებისთვის. ეს 30 დღე რომ გავა, ხდება შემოწმების აქტის შედგენა, რომელშიც აისახება, შესრულდა თუ არა კონკრეტული მითითებები. შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, 2 თვიან პერიოდში უნდა მოხდეს სამართალდარღვევის თაობაზე დადგენილების მიღება. ახლა კი, როცა ვაღიარებთ სამართალდარღვევას, ვიგებთ დაახლოებით 30 კალენდარულ დღეს, რადგან თუ ვაღიარეთ, აღარ გვეკუთვნის მოკვლევის პროცესების ჩატარება და ჯერ მითითების შედგენა, 30 დღე ლოდინი და ასე შემდეგ.

თუ დაჩქარებული მომსახურება გვინდა, ეს ძალიან კარგი სარგებელია ბიზნეს სექტორისთვის - გადავიხდი დაჩქარებულ მომსახურებას. ჩემი სუბიექტური აზრით, დაჯარიმებისთვის დამატებით თანხას არავინ გვახდევინებს, თუ არ გინდა, არ გადაიხდი და არ ისარგებლებ ამ დაჩქარებული მომსახურებით“, - მიიჩნევს ოთარ ნარჩემაშვილი.