„დეველოპერები ცდილობენ, რომ ბინებზე მაღალი ფასი ხელოვნურად შეინარჩუნონ, რაც ძალიან ცუდი პროცესია და შეიძლება, სექტორი საერთოდ ჩამოიშალოს“,- ამის შესახებ IX მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა და ბიზნესკონსულტატმა, ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ ისაუბრა.
უძრავი ქონებაზე მოთხოვნის შემცირებას, ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს, კერძოდ, გასულ თვეს თბილისში წლიურად ბინების გაყიდვები თითქმის 9%-ით იყო შემცირებული.
ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ დეველოპერები ხელისუფლებასთან აქციზების ზრდასთან დაკავშირებით თანამშრომლობენ, რაც თავის მხრივ, ბინების გაიაფებას ხელს შეუშლის. როგორც ბიზნესკონსულტანტი აფასებს, ფასების ხელოვნური შენარჩუნება, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპს ეწინააღმდეგება და შესაძლოა სექტორი სრულად ჩამოიშალოს.
„ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული ე.წ „ომის ტურიზმის“ შემდეგ, სამშენებლო და გაქირავების მიმართულებით მოთხოვნის მკვეთრი კლებაა, რადგან ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა ქვეყანა უკვე დატოვა, ნაწილი კი სამომავლოდ აპირებს საქართველოს დატოვებას. ფასების სპეკულაციური გაზრდა, რომელიც გაქირავების ფასის მკვეთრი ზრდით იყო გამოწვეული, ნელდება. ბინების ქირაობაზე იმდენად სწრაფად გაიზარდა ფასები, თითქმის გაორმაგდა კიდეც, რომ მოქალაქეებმა ბინის ყიდვა დაიწყეს, არემონტებდნენ და შემდეგ აქირავებდნენ. გასაყიდმა ფასებმა მეორეულ ბინებზეც მოიმატა და შესაბამისად, დეველოპერებმა სპეკულაციურად გაზარდეს ფასები.
ამ ეტაპზე, ძველი მოთხოვნის უკუდინებაა; თუმცა სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები იხტიბარს არ იტეხენ და ცდილობენ მომხმარებლების აღქმები მართონ. პოტენციურ მყიდველებს არწმუნებენ, რომ ფასების დაწევას არ დაელოდონ, რადგან ეს გამორიცხულია. ამას, რა თქმა უნდა, იმიტომ აკეთებენ, რომ გაყიდვები არ შეფერხდეს, რეალურად კი მოთხოვნა რომ შემცირებულია, ეს ციფრებითაა ასახული. ველოდები, რომ ბინებზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება, უბრალოდ პიარ-ტექნოლოგიური დეველოპერები ცდილობენ ბინებზე არსებული ფასი შენარჩუნდეს, რაც არარეალურია.
ისინი აკეთებენ საჯარო განცხადებებს, რომ ბინებზე ფასი არ დაიკლებს და ასევე, არ გამოვრიცხავ, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გარკვეული აქტივობები იგეგმებოდეს, მათ შორის მასალებზე აქციზების ზრდის, გადასახადების ზრდის, რომ ეს გახდეს მიზეზი ფასების არდაკლების. ეს მომხმარებლის წინააღმდეგ გამოცხადებული ომია, რომ თითქოს, ბინების ფასი არ დაიკლებს და დროულად შეიძინონ. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ხელს უშლიან, რომ ბინებზე ფასმა დაიკლოს და მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვროს. დეველოპერები ცდილობენ, რომ ბინებზე მაღალი ფასი ხელოვნურად შეინარჩუნონ, რაც ძალიან ცუდი პროცესია და შეიძლება, სექტორი საერთოდ ჩამოიშალოს.
იმედი მაქვს, ისინი ამ რისკს აცნობიერებენ“,- აღნიშნა ლევან კობერიძემ.