რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება ჯაჭვური რეაქციით აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხება, მათ შორის, გაძვირდება რესტორნების მენიუც.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას კოტე გაბრიჩიძე აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როცა დოლარიცა და ევროც იაფდება, წესით, პირიქით, დენის ტარიფი უნდა შემცირებულიყო კიდეც, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.
„გაგვახარა მთავრობამ დენის ტარიფის გაზრდით. იმედი მაქვს, სუს-ის კომისია ამის გამოკვლევასაც დაიწყებს, რატომ გაძვირდა და ვინმესთან კარტელური შეთანხმება ხომ არ არის. რატომ გაზარდეს ტარიფი? დოლარისა და ევროს კურსი, ფაქტობრივად, იაფდება. წესით, უნდა გაიაფებულიყო ელექტროენერგია ამ პერიოდში და უცბად, ჰოპ - გაგვიძვირეს! იმედი მაქვს, სუს-ი კარგად გამოიკვლევს და დადებს ინფორმაციას, რატომ მოხდა ამ პერიოდში დენის ტარიფის მოულოდნელი ზრდა. არაფერი დრამატული არ ხდება და რას უნდა დააბრალო დენის ტარიფის გაზრდა? ტრამპს დავაბრალოთ? ხელფასები გავუზარდეთ თანამშრომლებს? რა ხდება, ხალხო, აგვიხსენით, რის გამო მოხდა ეს? მარტო დალიეთ „ვალერიანკა“ და დაწყნარდით, არ კმარა“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.
მისივე თქმით, მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება კომუნალურების გადახდა, იმავე პროდუქტის შეძენა, რასაც დენის ტარიფის გაძვირებამდე ყიდულობდა.
„კომუნალურები მუდმივად მოულოდნელად თავში გვირტყამს ჩაქუჩს - აბა, კიდევ ერთხელ, აბა, კიდევ ერთხელ. ადვილი მისახვედრია, რომ ამას მოჰყვება კიდევ რაღაცების გაძვირება, რადგან ელექტროენერგიაზეა დაფუძნებული თუნდაც წყალი. რასაკვირველია, ყველა ვარიანტში შედეგი იქნება ის, რომ სპირალი დატრიალდება და ყველაფერი გაძვირდება. ადამიანი, რომელიც გუშინ ხელფასს 1000 ლარს იღებდა, აღმოჩნდება, რომ უკვე ვეღარ ყიდულობს, რასაც მანამდე ყიდულობდა, ვეღარ იხდის გადასახადებს.
კომუნალურზე ზის უამრავი წარმოება, რომელიც ამუშავებს პროდუქციას, რომელსაც რესტორანი იყენებს. მაცივრები, სადაც ჩვენი პროდუქცია ინახება, დენზე მუშაობს და არა ნახშირზე, ხომ? შესაბამისად, ეს ყველაფერი ჯამში ძალიან დიდ ნახტომს გამოიწვევს. მარტო სარესტორნო ბიზნესს კი არა, მთელ ქვეყანას შემოარტყეს სილა.
ეს გადაწყვეტილება არის ქვეყნის დამანგრეველი. სტაბილურობა ქვეყანაში მკვიდრდება წლების მანძილზე, ასეთი ქმედება კი ამ სტაბილურობას მთლიანად ანგრევს. იქ პლასტმასაზე მიიღეს კანონი, მანამდე კიდევ რაღაც, მანამდე კიდევ რაღაც. სულ ასე ჯანჯღარში შეიძლება იყოს ქვეყანა?!“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.