თბილისში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში თითქმის 15 წელია ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილს სასტუმროს გახსნა სურს, თუმცა პროექტის განხორციელება სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ გადაიდო. როგორც ბიზნესმენი ამბობდა, ბიუროკრატიული პრობლემების და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ირგვლივ სხვადასხვა საკითხების შეთანხმების გარდა, სასტუმროს გახსნა პანდემიამაც შეაფერხა.

რა ეტაპზე სასტუმროს მშენებლობა და რატომ ვერ განხორციელდა ამ დრომდე წლების წინ დაგეგმილი პროექტი, ამ თემაზე „კომერსანტი“ ტერიტორიის მფლობელ კომპანია შპს „მარილი 2020“-ის დირექტორს ბექა ბაბალაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან დეტალებზე საუბრისგან თავის შეიკავა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

რუსთაველის 12-ში 3493 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე, 7 სართულიანი, 260 ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Hotel Georgia-ს აშენება იგეგმება, რომლის საინვესტიციო ღირებულება, ბოლო ინფორმაციით 80 მლნ დოლარია.

არქიტექტურის ვებ გვერდზე არსებული  მონაცემებით, „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მფლობელობაში მყოფმა კომპანია „მარილი 2020“-მა კულტურული მემკვიდრეობის უკან მდებარე ხუთსართულიანი შენობის დემონტაჟი უკვე დაასრულა, რის შემდეგაც 2023 წლის ივლისში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თხოვნით, კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს მიმართა, თუმცა 2 ნოემბერს მას გაეცა პასუხი, რომ დოკუმენტაცია სრულყოფილი არ იყო და ვადა 2 კვირით გაუხანგრძლივდა.

ესკიზის განმარტებით ბარათში კი ვკითხულობთ, რომ შენობის სარეკონსტრუქციო წინადადება გულისხმობს პირვანდელი ფრაგმენტის აღდგენასა და დამატებითი ტანის შექმნას შიდა ეზოს მხრიდან.

„საპროექტო წინადადებით შენობის ფუნქცია განისაზღვრება სასტუმროდ, არსებული სიმაღლის ნიშნული რჩება უცვლელი ასევე აღსანიშნავია, რომ ძირითადი ფასადების გაბარიტები დაუბრუნდება პირვანდელ სახეს. ხოლო შიდა ეზოს მხრიდან მომატებული ტანი შენობას შეკრავს კვადრატული ფორმით და შუაგულში შეიქმნება წრიული ფორმის ეზო.

ვიზუალური თვალსაზრისით შენარჩუნებული იქნება შენობის მოსაპირკეთებელი მასალები, შეიცვლება კარ-ფანჯრების მასალები და სტილი“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, პროექტის დაანონსებიდან 15 წლის შემდეგ, რუსთაველის 12-ში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის შენობაში დღემდე არა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, არამედ „ჯორჯიან ეარვეისის“ ოფისი აგრძელებს მუშაობას.