დეკემბერში კომპანიის გაყიდვები 22%-ით შემცირდა, - ამის შესახებ საიუველირო სახლ "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია.
გარდა ამისა, თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით, 1 გრამი საწარმოო ოქროს ფასი, დაახლოებით, 65 ლარით არის გაზრდილი, რაც წარმოებისთვის უზარმაზარი დარტყმაა.
"2024 წელს ჩვენ ახალი მოდელები დავამატეთ და გვქონდა ახალი კოლექციებიც. ამ ყველაფრის მიუხედავად, სამწუხაროდ, წინა წელთან შედარებით, დეკემბერში გაყიდვების 22%-იანი კლება გვქონდა. სხვა თვეებში გაყიდვების მატება ფიქსირდებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ დეკემბერი ჩვენი სფეროსთვის მთავარი თვეა და მნიშვნელოვანი კლება გვაქვს.
ჩვენი ბიზნესი საკმაოდ სპეციფიკური და მგრძნობიარეა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენი საქმე პირდაპირ კავშირშია ხალხის განწყობებთან. ყოველთვის გამორჩეულად მოთხოვნადი ბრილიანტის სამკაული იყო და ეს ტენდენცია ახლაც ნარჩუნდება. გარდა ამისა, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი კოლექციებიც ერთ-ერთ საყვარელ მიმართულებად რჩება მომხმარებლებისთვის.
რაც შეეხება ფასებს - ძალიან დიდი ხანი ჩვენ გაზრდილი ოქროს ფასის კომპენსირებას არ ვახდენდით, თუმცა სექტემბერში პროდუქცია 5%-მდე გავაძვირეთ. მას შემდეგ კიდევ გაგრძელდა ოქროს ფასის ზრდა, თუმცა ჩვენი პროდუქციის უფრო მეტად გაძვირებაზე თავი შევიკავეთ. არ გვინდოდა, რომ ჩვენს მომხმარებელზე ეს ძალიან დიდი დარტყმა ყოფილიყო. შესაბამისად, მოხდა მოგებიდან ფასის დაკომპენსირება", - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
შეგახსენებთ, „ზარაფხანა“ საიუველირო სახლია, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.