სუპერმარკეტების ქსელი „დეილი“ "ზედაზენის", ანუ “ქართული ლუდის კომპანიის” მფლობელი ხდება, კომპანია ასევე შეიძენს "მაგნიტის", ანუ "რითეილ ინვესთმენთსის" 100%-იანი წილი.  ამის შესახებ ინფორმაცია დღეს კონკურენციის სააგენტომ გაავრცელა.

რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ორი თანხმობა გასცა, რომელთაგან ერთი ეხება  შპს „ჰოლდინგ.ჯი-ის“ მიერ შპს „დეილის“ 30%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე –  შპს „დეილის“ მიერ შპს „ფუდმარტის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას.

„ფუდმარტი“ ერთ-ერთ უმსხვილესი ჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს მაღაზიების ბრენდებს, სადისტრიბუციო ქსელს. ბაზარზე ის წარმოდგენილია „სპარის“, „იოლისა“ და „კალათას“ ბრენდებით, რომელთა ფილიალების რაოდენობაც საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტია.

შპს „დეილი“, რომელმაც „ფუდმარტი“ შეიძინა, აერთიანებს სუპერმარკეტების ქსელს „დეილი“, 200-ზე მეტი ფილიალით საქართველოს შვიდ რეგიონში. გარდა ამისა, შპს „დეილი“ ფლობს შპს „გვირილა რითეილის“ 60%-ს.

შპს. „ჰოლდინგ.ჯი“ კი, რომელმაც „დეილის“ 30% შეიძინა, „ფუდმარტის“ 100%-იანი წილის მფლობელია.

შესაბამისად, შპს „დეილი“ FMCG ბაზრის #1 მოთამაშე ხდება, რომელმაც ერთი ჰოლდინგის ქვეშ გააერთიანა „მაგნიტი“, „სპარი“, „იოლი“, „კალათა“ და „გვირილა“, ასევე კომპანია „ზედაზენი“. 

შპს „დეილის“ სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გეგენავაა, კომპანიის წილები კი ასე ნაწილდება : ზურაბ ზაქარიაძე - 25.9%,  დავით კუხალაშვილი - 11.05%, მარინა პეტრიაშვილი - 1.05%, რუსუდან მაისურაძე - 7%,  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს დიენეი კაპიტალი ინვესტი - 25%, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ჰოლდინგ. ჯი - 30%.