საქართველო ოდითგანვე ცნობილია მინერალური წყლების სიმრავლითა და ბალნეოლოგიური კურორტებით, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით დაინტერესებული 60 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, ვინც პოსტსაბჭოთა ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდა თაობა გაჯანსაღების მიზნით არ იყენებს და გვჭირდება მეტი PR-ი, ინფორმაციის გავრცელება, მეტ ღონისძიებებში მონაწილეობა და სახელმწიფოს მზაობა, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" "ჰოტეილერი", სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ბიზნეს პარტნიორი ჯულია მგელაძე აცხადებს. 

მისივე ინფორმაციით, "ველნეს ტურიზმი" საქართველოში განვითარებას ითხოვს. ჯულია მგელაძის შეფასებით, ქვეყანას ყველანაირი რესურსი აქვს და საკითხიც მომწიფებულია, იმისათვის, რომ კურორტების რაოდენობა გაიზარდოს.

"მთავარი გამოწვევა არის მიზნის განსაზღვრა, რესურსების სწორად გამოყენება/დაგეგმარება, რეგიონების განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, კადრების გადამზადება და ქვეყნის პოპულარიზაცია ამ მიმართულებით, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება, როგორც ქვეყნისათვის ასევე დამსვენებლებისთვის. გვჭირდება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ჯანმრთელი თაობები და სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა.

ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ცნობილია სტუმარმასპინძლობის განსხვავებული ხიბლით და ემოციური დახვედრით, ამ ემოციის ხარისხი ჩემი დაკვირვებით ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა. უცხო ქვეყანაში ჩამოსულ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ გაჯანსაღება თუ მძიმე დაავადების მკურნალობა უფრო მეტად მეგობრული, სტუმართმოყვარე გარემო უნდა დახვდეს. მათ შორის: მაღალკვალიფიციური ექიმები და მომსახურე პერსონალი; დასვენებისა და გაჯანსაღებისათვის გამარტივებული გარემო; ხარისხიანი ტექნოლოგიები და მათი გამოყენების საშუალება; სამედიცინო ტურიზმში ჩართული ობიექტების, თუ ორგანიზატორების მხრიდან სწრაფი რეაგირება და ხარისხიანი მომსახურება; ინფრასტრუქტურა; ლოგისტიკური საკითხების მოგვარება და სპეციფიკის საჭიროების შესახებ ტრენინგების ჩატარება.

ჩვენს ქვეყანაში დარეგისტრირებული კურორტებიდან 27 არის ბალნეოლოგიური, 2 - ტალახ-სამკურნალო, 30 - შერეული კურორტია, ხოლო 44 კლიმატური. ვფიქრობ ჩვენს ქვეყანას იცნობენ სულ რამდენიმე ცნობილი საკურორტო ადგილით, რაც ისევ და ისევ პოპულარული იყო საბჭოთა კავშირის დროს. ჩვენს ქვეყანაში მოიპოვება 2000-ზე მეტი მინერალური წყალი, თითოეულ მათგანს აქვს ინდივიდუალური დანიშნულება და თვისებები. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია ბორჯომის წყლის საბადო, მიერთებული თიხის მილებით და ქვის აბაზანები, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით თარიღდება.

სამწუხაროდ ამ საოცარი ლოკაციების შესახებ ტურისტებმა არ იციან. არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა და არც მზაობაა იმის შესახებ, რომ ახალი ადგილების განვითარება და აღმოჩენა მოხდეს. ყველას ურჩევნია შესთავაზოს აპრობირებული და გამოცდილი სასტუმროები. ზემოთ ხსენებულ ლოკაციებზე არსებობს Guest House-ები, სადაც მომსახურების ხარისხი ძალიან დაბალია და ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები არის გამაჯანსაღებელი და "ველნეს" ტურიზმის განვითარებისათვის ხელშემშლელი ფაქტორები", - აცხადებს ჯულია მგელაძე.

მანვე აღნიშნა, რომ "ველნეს ტურიზმის" მიმართულება ცალსახად მოთხოვნადია და რესურსის თუ ენერგიის ჩადება ნამდვილად ღირს.

"საქართველოდან თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანები გაჯანსაღების მიზნით, თუ სხვადასხვა თემატური ტურებით ჩადიან ინდოეთში, აზიის სხვადასხვა კურორტზე და კუნძულზე. ძალიან პოპულარულია იოგა ტურები, მენტალური პროგრამები, "რითრითები". ძალიან რადიკალური შედარებაა ინდოეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ ზოგადად სფეროს მოთხოვნის კუთხით ეს მიმართულება არის ხვალინდელი დღე.

ჩვენს ქვეყანას აქვს ყველანაირი პოტენციალი, რესურსი და უნდა ჰქონდეს შესაბამისი ამბიცია, რომ მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი მოგზაური: სამედიცინო ტურიზმის, გამაჯანსაღებელი პროგრამებით, "ველნეს ტურიზმის", თუ სპა ტურიზმის მიმართულებით", - აღნიშნა მან.

bp.ge