სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება, როგორც ბიზნესი, მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მაღალშემოსავლიანი ინდუსტრია ხდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია MARidea Events-ის დამფუძნებელმა  მარიდეა გელაშვილიმა  განუცხადა, სექტორის გლობალურმა ბრუნვამ, გასულ 2025 წელს, 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

„ეს სექტორი განვითარების მაღალი ტემპით ხასიათდება და ექსპერტები ელიან, რომ 2029 წლისთვის Event კომპანიების ბაზრის შემოსავლები 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. აღნიშნული სექტორი მზარდია საქართველოშიც, რაზედაც კონკურენციის ზრდა და ბაზარზე ახალ-ახალი Event კომპანიების გამოჩენა მიუთითებს. მომხმარებლებს შორის კი აქტიურობენ როგორც კომპანიები, ისე ფიზიკური პირები. დღეისათვის, ბიზნესსექტორისთვის ღონისძიებების დაგეგმვა უკვე აღარ წარმოადგენს ზედმეტ ხარჯს. მეტიც, მათთვის ეს გახდა ბრენდინგისა და პიარის მიმართულებით ჩადებული და გააზრებულად ინვესტირებული თანხა. კომპანიები მიხვდნენ, რომ აუცილებელია ღონისძიებების ორგანიზება ანდონ პროფესიონალ ადამიანებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან, იდეიდან ბოლომდე როგორ შეიძლება, განახორციელონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათთვის მნიშვნელოვანი გახდა განსაკუთრებული დღეების აღნიშვნა ისე, რომ მძაფრი ემოცია მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეთ. შესაბამისად, Event კომპანიებს ამ მიმართულებითაც ბევრი დაკვეთა აქვთ“, - განმარტა MARidea Events-ის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ამჟამად, ყველაზე მოთხოვნადი ღონისძიებების სიაში, რომლის გამოც მომხმარებლები Event კომპანიებს მიმართავენ - მოწინავე პოზიციას ბიზნესსექტორში მიმდინარე ღონისძიებები იკავებს. ასევე დიდია მოთხოვნა კორპორაციული საღამოების, ქორწილებისა და გამოსაშვები საღამოების დაგეგმვაზე.

წყარო: ბიზნესპარტნიორი