სამკერვალო სექტორი კადრების დეფიციტს განიცდის. რთული საქმის მიუხედავად, სექტორში ანაზღაურება კვლავ დაბალია, რის გამოც სამსახურის მაძიებლები სამკერვალოში დასაქმებისგან თავს იკავებენ. ქვეყანაში დღეს მკერავის საშუალო ანაზღაურება 700-დან 800 ლარამდე მერყეობს. კადრების სიმწირის პრობლემას განიცდის ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერი“. დირექტორი მაია სიმონიძე ,,კომერსანტთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც სექტორში საკადრო პრობლემა ნარჩუნდება.

,,კადრების სიმცირე რა თქმა უნდა პრობლემაა, რადგან ჩვენი საქმე არ არის მაღალანაზღაურებადი. ცხადია, ხელფასი რომ არ არის ისეთი, როგორიც უნდათ ჩვენს მოქალაქეებს არ იწყებენ მუშაობას სამკერვალოში. ჯერჯერობით ვახერხებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას. მაგრამ მერე, რომ გაიზრდება მოთხოვნა ხელფასზე თავისთავად ვეღარ შევძლებთ. ჩვენი საქმე არ არის მარტივი და არ არის მაღალანაზღაურებადი. იაფი მუშახელის საქმეა.’’- აცხადებს მაია სიმონიძე.

,,იმერში“ დღეს 120 მკერავია დასაქმებული, თუმცა სამკერვალოს დამატებით 50 კადრის აყვანის საჭიროება აქვს. დირექტორი აცხადებს, რომ შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე დამატებით თანამშრომლების აყვანა საჭიროა.

დაბალი ანაზღაურების გამო ადამიანებს სამკერვალო ინდუსტრიაში დასაქმება არ სურთ, რაც კადრების დეფიციტს იწვევს. ხელფასის ზრდა კი სხვა პრობლემას წარმოშობს. ბრენდები დღეს მთელს მსოფლიოში იაფ მუშახელს ეძებენ და შეკვეთებსაც იმ ქვეყნებს აძლევენ, სადაც ნაწარმის დამზადება იაფი ჯდება. ანაზღაურების გაზრდის შემთხვევაში კი ქვეყანაში უცხოელი დამკვეთები აღარ შემოვლენ და ისინი უფრო იაფ ალტერნატივას მოძებნიან.

,,ასეთი პოლიტიკაა, რომ იქ აკერინებენ, სადაც შედარებით დაბალია ხელფასები. სამკერვალო ინდუსტრია ძირითადად აფრიკის ქვეყნებზე გადაერთო. ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ისეთი ხელფასი, როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში. ჩვენი ხელფასები, რომ დაეწევა ევროპულს, თავისთავად წარმოება ვეღარ გაგრძელდება. დამკვეთები გადიან არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ თურქეთიდანაც, იმიტომ რომ ცდილობენ დაბალანაზღაურებად ქვეყნებში წავიდნენ. რაღაც პერიოდი იმუშავებს და მერე აღარ იქნება შეკვეთები. ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შევძლებთ მუშაობას, მაგრამ ადგილობრივი ბაზარი ძალიან მწირია. დიდი ქვეყანა არ ვართ და რთულია ადგილობრივი ბაზრით თავის შენახვა.’’- აცხადებს ,,იმერის" დირექტორი მაია სიმონიძე