„ჩირიფრუტმა“ პირველი ექსპორტი ამერიკაში განახორციელა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ნოემბერში, ამერიკულ ბაზარზე 5 დასახელების პროდუქტი გაიტანა, მათ შორის, შოკოლადის სიგარა, კარამელი, შოკოლადის და ტრადიციული ჩურჩხელა.
„აქამდე გვქონდა ექსპორტის მცდელობები, მათ შორის, ინგლისში, თუმცა ასეთი ოფიციალური სახე არასდროს ჰქონია. ამერიკაში ექსპორტისთვის საკმაოდ დიდი მუშაობა დაგვჭირდა. გავაკეთეთ მათი კანონმდებლობის შესაბამისი ეტიკეტირებაც. გარდა ამისა, არაბულ ქვეყნებში გვაქვს გაგზავნილი ნიმუშები და პასუხის მოლოდინში ვართ. განიხილავენ, ჯერ არ არის დასრულებული და მოლოდინის რეჟიმში ვართ. დაინტერესება არის და იმედია ექსპორტი აღნიშნული მიმართულებითაც განხორციელდება“, - აცხადებს სოფიო ჯიქია.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, „ჩირიფრუტს“ ამ ეტაპზე ექსპორტზე პროდუქიის ძალიან მცირე მოცულობა გააქვს და მომავალში ორიენტაციას საექსპორტო ბაზრების მოზიდვასა და განვითარებაზე გააკეთებს. აღნიშნულის შესაძლებლობას კი კომპანიას ახალი საწარმო მისცემს, რომლის მშენებლობა ნატახტარში უკვე დასრულებულია.
„ამ ეტაპზე ჩვენი წლიური წარმადობა 30 ტონამდეა და ვფიქრობთ, რომ ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ 20%-ით გავზრდით რაოდენობებს. საწარმოს შენობა დასრულებული და გარემონტებულია და დარჩენილი გვაქვს დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენა, რომლისთვისაც გრანტის მოძიებას ვცდილობთ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის მოვახერხებთ ახალ საწარმოში გადასვლას. ამ დრომდე აღნიშნულ სამუშაოებში 600 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. იმედი გვაქვს, რომ ახალ საწარმოში 2025 წელს გადავალთ“, - აღნიშნა სოფია ჯიქიამ.
ცნობისთვის, შპს „ჩირიფრუტი“ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს თბილისში არსებულ საწარმოში აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
„ჩირიფრუტი“ 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა. დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი.