ჩინელებისთვის, შესაძლოა ჩვენი ქვევრის, უფრო იმერული ღვინო აღმოჩნდეს განსაკუთრებით საინტერესო, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შალვა ხეცურიანმა ისაუბრა.

კითხვაზე - რამდენად აქვს პერსპექტივა ქართულ ღვინოს, ჩინურ ბაზარზე წამყვანი პოზიციები დაიკავოს, შალვა ხეცურიანი განმარტავს, რომ ქართული ღვინისთვის ჩინური ბაზრის მაქსიმალურად ათვისება იოლი არ იქნება, თუმცა, იქ მიმდინარე პროცესები და ტენდენციები საინტერესო პერსპექტივებს აჩენს.

„სადაც ისმის რუსეთის ალტერნატივა, საკითხი უკვე ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. არ იქნება იოლი, მაგრამ ღვინის მოხმარების ნაწილში იქ ძალიან საინტერესო პროცესები და ტენდენციები ფიქსირდება.

ჩინელებისთვის წითელი ღვინო ფრანგულთან ასოცირდება, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ჩინელებმა თითქმის გაიარეს ეტაპი, როცა ფასს ჰქონდა მნიშვნელობა, შეშლილები იყვნენ ბორდოზე და ამან, სხვათა შორის, ბორდოშიც კი კრიზისი გამოიწვია. აღსანიშნავი ის არის, რომ ახალგაზრდებს უფრო დიდი ინტერესი აქვთ ღვინის მიმართ, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, თუმცა, გემოს თვალსაზრისით ნახევრად მშრალი, უფრო ტანინიანი ღვინისთვის იქ მზად ჯერ არ არიან. საჭიროა უფრო უკეთ მომზადება და არა ისე, რომ მთლიანად გადავეწყოთ ჩინელი მომხმარებლის პრეფერენციებზე.

ჩინელები ძალიან დიდ პატივს სცემენ არქაულობას, ავთენტურობას და გვაქვს კიდეც კარგი მარკეტინგული რესურსი, რომ ჩვენი ღვინით დავაინტერესოთ. სწორედ ჩვენი ქვევრის, შესაძლოა, უფრო იმერული ღვინო აღმოჩნდეს მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, - ამბობს შალვა ხეცურიანი.