კომპანიის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ძირითადად განპირობებულია ახალი კოლექციების დამატებით, - ამის შესახებ ბუნებრივი ხის ხელნაკეთი საათებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდის Otanadze Design-ის თანადამფუძნებელმა შალვა ოთანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ბაზრის მოთხოვნებს მუდმივად სწავლობს და ცდილობს, მომხმარებლებს ახალი, უნიკალური პროდუქტები შესთავაზოს.

"ჩვენი ასორტიმენტიდან ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, რა თქმა უნდა, ხის ხელნაკეთი საათებია. ისინი ჩვენი ბრენდის ნიშური პროდუქტია და მომხმარებელთა ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. თუმცა, ბოლო პერიოდში, მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ხის სათვალეებზეც. ეს პროდუქტი თანამედროვე და მოდური აქსესუარია, რომელიც იზიდავს ახალ აუდიტორიას და ზრდის ჩვენს ბაზრის წილს. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ჩვენი პროდუქცია - საათები, სათვალეები, საყურეები და სხვა აქსესუარები - შექმნილია ორივე სქესისთვის. თუმცა, თუ დავაკვირდებით შესყიდვებს, მამაკაცის საათები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ხოლო ქალბატონებისთვის სათვალეები, საყურეები და სხვა  აქსესუარები.

ამჟამად, ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომელიც ჯამში 20-ზე მეტ პროდუქტს აერთიანებს. ესენია: ხის საათები (როგორც მამაკაცის, ასევე ქალის); ხის სათვალეები; ხის საყურეები; სხვადასხვა აქსესუარი (მაგალითად, სამაჯური). ჩვენ ვგეგმავთ ასორტიმენტის ზრდას. უახლოეს მომავალში გვინდა დავამატოთ ახალი კატეგორიები, რომლებიც ასევე ხისგან იქნება დამზადებული და ჩვენი ბრენდის ძირითად ღირებულებებს შეინარჩუნებს. ჩვენი მიზანია, გავფართოვდეთ და შევქმნათ ისეთი აქსესუარები, რომლებიც ხაზს გაუსვამს ჩვენი მომხმარებლების ინდივიდუალურ სტილს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში", - აცხადებს შალვა ოთანაძე.

რაც შეეხება ნედლეულს - როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ბრენდისთვის პრიორიტეტულია ადგილობრივი რესურსების გამოყენება.

"ჩვენი ხის ნედლეულის 80% მთლიანად ადგილობრივი ჯიშებია, ძირითადად მესხური წარმოშობის სამეფო კაკლის ხე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით. ეს გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უნიკალური პროდუქტი. საათის მექანიზმები კი, საათების ხარისხისა და გამძლეობის უზრუნველსაყოფად, გვაქვს იაპონური წარმოების, MIYOTA-ს ფირმის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია. ეს კომბინაცია - ქართული ხელნაკეთი ოსტატობა და იაპონური სიზუსტე - ჩვენს პროდუქტს ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის", - აღნიშნა მან. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი