„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების ხედვის საბოლოო ვარიანტი წარადგინა. დოკუმენტში ბორჯომის განვითარების 5 სტრატეგიული მიზანია წარმოდგენილი:

  • საკურორტო რესურსის ოპტიმიზაცია;
  • იერსახის გაუმჯობესება;
  • დივერსიფიცირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა;
  • საქალაქო ცხოვრების დონის ამაღლება;
  • უსაფრთხოებისა და მედეგობის გაზრდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დასახელებული მიზნების მიღწევა რამდენიმე ალტერნატიული გზით არის შესაძლებელი. კერძოდ, გამოიყო შემდეგი სამი მიმართულება:

  • ლანდშაფტის დაცვის პრიორიტეტად ქცევა და მომავალი განვითარებისთვის ბაზისის შექმნა;
  • განვითარების საწყის სტადიაზე ეკონომიკური საკითხებისთვის პრიორიტეტის მინიჭება;
  • ადგილობრივი საჭიროებების პრიორიტეტად განსაზღვრა და სოციალური ბაზისის შექმნა

რა წერია ბორჯომის საკურორტო-ტურისტულ განვითარებაზე?

როგორც უკვე აღვნიშნე, ბორჯომის გენ. გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საკურორტო შესაძლებლობების განვითარების ნაწილს. ამასთან დაკავშირებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საკურორტო-ტურისტული კლასტერის ჩამოყალიბების შესაძლებლობების წარმოჩენა“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„საკურორტო ინფრასტრუქტურა აქტიურად იყო წარმოჩენილი ქალაქის საზღვრებში გასულ საუკუნეში. ბოლო პერიოდის ტენდენციით მათი რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია და ამჟამინდელი მდგომარეობით ფუნქციონირებს, მხოლოდ 2 მსხვილი სასტუმრო-სანატორიუმის ტიპის ობიექტი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საპროექტო ჯგუფთან შეხვედრის დროს მერიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბორჯომში ყოფილი სასტუმრო „თბილისის” შენობაში, საერთაშორისო ბრენდი „ჰილტონი“ აპირებს შემოსვლას. დოკუმენტის მიხედვით, „ჰილტონმა“ პირველადი მოსაზრების ფარგლებში ბორჯომის მერიის სამსახურებს „ესკიზური პროექტი“ წარუდგინა.

„სხვა დამატებითი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა აღნიშნული პროცესის დაწყებამ და მოსალოდნელმა განხორციელებამ შესაძლოა საკმაოდ კარგი ბიძგი მისცეს მსგავსი ღონისძიებების წახალისებას ქალაქის საზღვრებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ამჟამად, ყოფილი საკურორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიებიდან ორი, „ჯანმრთელობა” და კომპოზიტორთა სახლი კერძო საკუთრებაში, „მთის ხეობა“ გადაეცათ დევნილებს, „პლატო“ - დაკავებულია ნაწილობრივ დევნილებით, ნაწილობრივ ადგილობრივი მოსახლეებით, ხოლო ყველაზე დიდი, სანატორიუმი „ლიკანის“ მცირე ნაწილი გზისპირზე გადაცემულია კერძო საკუთრებაში, თუმცა თითქმის 30 ჰა ისევ სააქციო საზოგადოების საკუთრებაშია და ბრაუნფილდია. დოკუმენტის მიხედვით, „სამომავლო განვითარებისთვის აღნიშნული ტერიტორია უნდა მოიაზრებოდეს პრიორიტეტულ სარეზერვო არეალად“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშის თანახმად, ბორჯომში ამჟამად 125 სასტუმრო ფუნქციონირებს. კულტურული ობიექტების რაოდენობა ოთხს შეადგენს, ხოლო რეკრეაციული სივრცეების 52-ს. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომი მდიდარია მრავალფეროვანი მწვანე საფარით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქალაქი მწვანე მიმართულებით ფრაგმენტულად ვითარდება.

bpn.ge