ქართულ ბაზარზე კორეული კოსმეტიკა პირველად 2017 წელს გამოჩნდა. წლების წინ უცნობი პროდუქტი დღეს მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახდა. კორეული კოსმეტიკის მოყვარულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ქვეყანაში სულ უფრო მეტი ახალი ბრენდი შემოდის.

პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში კორეული კოსმეტიკა შემოიტანა ,,პირველი კორეული’’ იყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ბაზარზე მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მეტიც, მომხმარებელი კარგად გაერკვა კორეულ ბრენდებსა და პროდუქტებში და კომპანიას ხშირად კონკრეტული თავის მოვლის საშუალების შეკვეთას აძლევენ. რამ განაპირობა კორეული კოსმეტიკის პოპულარობა? ,,კომერსანტი“ ,,პირველი კორეულის’’ მენეჯერს ანანო ციმინტიას ესაუბრა.

,,საქართველოში საერთოდ არც იცოდნენ განსხვავება ჩინურ და კორეულ კოსმეტიკას შორის. მომხმარებლებს ჩვენ ვასწავლეთ, როგორ უნდა გაეწმინდათ სწორად კანი, როგორ გამოეყენებინათ ქსოვილის ნიღბები, როგორ გამოეყენებინათ პაჩები. არ იყო ცნობადობა საქართველოში. კორეა დაახლოებით 5 წლით მაინც არის წინ ტექნოლოგიებით, ცხოვრების ხარისხით და ბევრად უფრო ეფექტურ პროდუქციას აწარმოებს, ვიდრე სხვა ტიტანი ბრენდები. თავიდან პირველი რაც შემოვიტანეთ იყო ქსოვილის ნიღბები, პაჩები, ისეთი ბრენდები, როგორიც არის ,,მიშა’’, ,,ტონიმოლი’’. თავიდან ცნობადობა არ იყო მაღალი და აქედან გამომდინარე უჭირდათ გაგება პროდუქციის. კორეული მომხმარებლისთვის ასოცირდებოდა ჩინურთან. ცნობადობის არ ქონის გამო გვიწევდა ჩვენი მომხმარებლის დატრენინგება და მათთვის სწავლება. დღეისთვის უკვე ამაღლებულია ცნობადობა. მომხმარებელი უკვე თავად ითხოვს სიახლეებს, ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქციას და მათი მოხმარებით გაუმჯობესებულ ეფექტს.’’- აცხადებს ანანო ციმინტია.

კორეული კოსმეტიკის მოხმარების ზრდას ანანო ციმინტია პროდუქტის მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით ხსნის.,,მომხმარებელი დარწმუნდა, რომ კორეულ კოსმეტიკას მაღალი ხარისხი აქვს. კორეა არის ძალიან წინ. უახლესი ტექნოლოგიებით ამზადებენ პროდუქტს. ეფექტიც შესაბამისი აქვს. კორეული კოსმეტიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ მივაწოდოთ მომხმარებელს მულტიფუნქციური პროდუქტები. ამის მეშვეობით, მომხმარებელი რუტინის საფეხურებს ამცირებს და უფრო მოკლე დროში ასრულებს თავის მოვლის პროცედურებს. მულტიფუნქციური პროდუქტები იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი ცხოვრების რიტმს ავუწყოთ ფეხი.’’- აცხადებს ანანო ციმინტია.

კორეული კოსმეტიკა ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანისთვის არის განკუთვნილი. საქართველოში პროდუქტს ძირითადად ქალბატონები ყიდულობენ. წარმოდგენილია, როგორ საშუალო ასაკის, ასევე ანტიასაკობრივი ხაზები.