მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის ზრდა თბილისის "ოქროს ბირჟაზე" უკვე აისახა. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ოქროს ბირჟაზე დასაქმებულებმა უთხრეს, გუშინდელთან შედარებით, დღეს 1 გრამი გასაყიდი ოქროს ფასმა უკვე 3 ლარით მოიმატა.
"585 სინჯის "იტალიური ოქროს" გასაყიდი ფასი დღეს უკვე 211 ლარია, გუშინ 208 იყო. 750 სინჯის ოქროს ღირებულება 270 ლარი გახდა, 999 სინჯის ოქრო, ე.წ "ბაჯაღლოს" ფასი კი 360 ლარი. ბოლო 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით 50%-ით არის ოქრო გაძვირებული. აქამდე 20 დღეში ერთხელ მატულობდა და ბოლო პერიოდია, ყოველ დღე იზრდება. ეს მსოფლიოში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობასთანაა კავშირში", - განაცხადეს ოქროს ბირჟაზე.
„ოქროს ბირჟის“ ოქროს ექსპერტ-შემფასებელი ამბობს, რომ შესაძლოა, რაღაც პერიოდის შემდეგ ფასმა მცირედით დაიკლოს, თუმცა ოქროს ღირებულება ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება.
"1-2 ლარით თითქმის ყოველდღე იმატებს. ბოლო 1 თვეში 25-30%-ით არის გაზრდილი. მოლოდინია, რომ კიდევ მოიმატებს ოქროს ფასი. არის პროგნოზი, რომ 300 ლარი უნდა გახდეს ჯართის ფასი, 205 ლარი ღირს დღესდღეობით. რაღაც პერიოდში გაჩერდება, წამოვა უკან ოქროს ფასი, მაგრამ ის ღირებულება, რაც იყო, არ დაბრუნდება. 32 წელია ამ საქმეს ვემსახურები და პრაქტიკა ასეთია", - აცხადებს ექსპერტ-შემფასებელი.
რაც შეეხება მყიდველებს, მისივე თქმით, „მომხმარებელზე ვერ ვიტყვი, რომ ნაკლებობას განვიცდით, მაგრამ მაინც არის ცვლილებები. ახლა შემოდგომაა, ქორწილების პერიოდია და ყველას სჭირდება ოქრო“.
ცნობისათვის, დღეს თბილისის დროით 16:20 საათისთვის მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქრო 4 042 დოლარი ღირს, რაც დღიურად თითქმის 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ოქროს ფასის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-იც. ბანკმა 2026 წლის დეკემბრისთვის ოქროს ფასის პროგნოზი უნციაზე 4 300 დოლარიდან 4 900 დოლარამდე გაზარდა. მიზეზად დასავლეთის საფონდო ბირჟებზე მოვაჭრე ფონდებში ძლიერი შედინებისა და ცენტრალური ბანკების მიერ პოტენციური შესყიდვები სახელდება.