ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში გარკვევით იყო საუბარი, რომ დღის წესრიგში არ დგება ერთადერთი საკითხი, მოლაპარაკებების გახსნა, რასაც შანტაჟის საფუძვლად იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.
„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება 28 ნოემბერს, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ კონკრეტულად ერთადერთ საკითხს - ეს არის მოლაპარაკების გახსნა, რასაც ამდენი ხანია, იყენებენ შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ. ერთადერთი რამ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, კვარტალში ერთხელ რომ იკრიბება ევროპული საბჭო, კვარტალში ერთხელ შანტაჟისთვის არ დაიტოვონ ეს საკითხი და არ უთხრან ქართველ ხალხს, რომ არ გიხსნი მოლაპარაკებებს, ეს იყო ერთადერთი, რისი დაშვებაც ჩვენ არ გვინდოდა. დანარჩენი ყველაფრისთვის ვარ მზად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, იგივე განცხადებაში, რაც გაკეთდა 28 ნოემბერს, პირველივე აბზაცში იყო ხაზგასმით ნათქვამი, რომ ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს უალტერნატივო არჩევანი, ევროპული ღირებულებები არის უალტერნატივო და ეს ყველაფერი ლაიტმოტივად გასდევდა მთელ წერილს.
„ადამიანს თუ გააზრება უნდოდა ამ ყველაფრის, ძალიან მარტივად იკითხებოდა, შავით თეთრზე ეწერა. შენ რომ ხარ ბიზნესმენი, შენ არ ხარ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, რომ წერილს გაეცნო თავიდან ბოლომდე. პირველივე აბზაცში წერია, რომ არა თუ არ ვაჩერებთ ევროინტეგრაციას, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონკრეტულად 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 90 პროცენტზე მეტს შევასრულებ, როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების. ეს რომ გიდევს წინ და ამ ტყუილს იჯერებ, რომელიც მოიგონა ჯერ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ და შემდეგ ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა, აქ კეთილსინდისიერების პრობლემას ვხედავ მე, ან არის გულგრილობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. შენ თუ გამოდიხარ მერე პოლიტიკური განცხადებით, რომ ხარ ბიზნესმენი ან ნებისმიერი სხვა, თუ შენ ამ პასუხისმგებლობას იღებ, რომ გამოხვიდე პოლიტიკური განცხადებით, კეთილი ხომ უნდა ინებო და ეს განცხადება ხომ უნდა წაიკითხო, რის საპასუხოდაც საუბრობ. იქ შავით თეთრზე ეწერა ყველაფერი, ისინი მაინც გამოდიან და იმეორებენ იმ ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ და რაც გაიმეორე ევროკავშირის ელჩმა. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ეს არის არაკეთილსინდისიერება. მათ იციან ყველაფერი, ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია, ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი, ერთადერთი რაც ითქვა ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ მოლაპარაკებები გახსნის საკითხს ჩვენი მხრიდან. მარტო ეს იყო ნათქვამი, ეს იციან ძალიან კარგად, მაგრამ იმეორებენ იგივე ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ თავის დროზე და რაც სამწუხაროდ, ცალკეულმა დიპლომატებმა ევროკავშირიდან გაიმეორეს. ეს არის ძალიან სამწუხარო, ამის მთავარი მიზეზი არის რა - ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიკერძოება, გადაყოლილი არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ვერ ელევიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ბიზნესმენს როგორ შეიძლება, უნდოდეს „ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო მათი მთავარი ხელწერა.
„დღესაც რასაც აკეთებენ, ზეწოლა ბიზნესზე, ე.წ. ბულინგი, მცდელობა, რომ ჩაითრიონ პოლიტიკაში, ზუსტად იგივეა, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, იგივე ფორმით ვეღარ აკეთებენ, ვეღარ ართმევენ ქონებას ადამიანებს, ვეღარ ართმევენ ფულს ადამიანებს, მაგრამ ამ ფორმით ცდილობენ ძალადობას ბიზნესზე. ბიზნესმენი რომ ხარ და დაბრუნება რომ გინდა იმ პოლიტიკური ძალების, ჩემთვის ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ისინი ელოდებიან პოლიტიკური ცვლილებებიდან გამორჩენას, სხვა ახსნა მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ასეც და ისეც, ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს