პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე კრიტიკული აზრი ბევრმა ბიზნესმენმა დააფიქსირა. ამის შესახებ PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კრიტიკული აზრი მკაფიოდ ისმოდა და ბიზნესმენების უმრავლესობა მთავრობას მოვლენების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

"ეს შეხვედრა ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. განცდა, რომელიც მე პირადად მაქვს არის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ან არაადეკვატური სურათი აქვთ, რა ხდება ქვეყანაში მთლიანობაში, ან არასწორად აფასებენ იმ სურათს, რასაც ხედავენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიგვაჩნდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თვალსაზრისით მონაწილეობა და ის პირველადი ეფექტები, რომელიც ამ შეხვედრამ გამოიწვია. არ მახსოვს არც ერთი შეხვედრა ასეთ ფორმატში, არც ერთი ხელისუფლების დროს, როდესაც ასე მკაფიო იყო კრიტიკული აზრი და ძალიან ბევრი ბიზნესისგან დაფიქსირებული, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ბიზნესი ძალიან კონსერვატიულია, ცდილობს, რომ ჩუმად იყოს და არ თქვა არაფერი მანამ, სანამ რაღაც სერიოზული კრიტიკული საკითხი არ დადგება.

ეს იყო შეხვედრა, რომელზეც ბიზნესმენები იყვნენ ძალიან კრიტიკული. ბუნებრივია, იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც აფასებდნენ მდგომარეობას, რომ ცუდია, მაგრამ ახალისებდნენ მთავრობას, "აბა თქვენ იცით და ასე გააგრძელეთ", მაგრამ ბიზნესების უმრავლესობა აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად და მთავრობას სთხოვს, იმოქმედოს რაც შეიძლება სწრაფად ამ მდგომარეობის დეესკალაციისთვის", - აღნიშნავს ლექსო ალექსიშვილი.

ორშაბათს, 23 დეკემბერს, ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე მსხვილ ბიზნესმენს შეხვდა. 4.5-საათიანი შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენთა ნაწილი აცხადებდა, რომ დასმულ კითხვებზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხები ვერ მიიღეს.