საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის მოწყობასთან დაკავშირებით VISA-სთან ხელშეკრულება გააფორმა. ბიზნეს ლაუნჯი ოპერირებაში დეკემბრიდან შევა.
ბიზნეს ლაუნჯის დამატება ჩვენს აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა ბიზნეს ლაუნჯის მოწყობის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
„მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორს VISA-ს, ვინც ინტერესი გამოხატა და გაფრენის სივრცეში ბიზნეს ლაუნჯს მოაწყობს. ჩვენს დიდხანს ვმუშაობდით ამ პროექტზე და მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ ჩვენი პარტნიორობა შედგა და სულ მალე, წლის ბოლოსთვის ჩვენი მგზავრები შეძლებენ ისარგებლონ თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯით, რომელიც გაფრენის დარბაზში მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება.
ამ სერვისით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ეს იქნება განვითარების სრულიად ახალი საფეხური ჩვენი აეროპორტისთვის, რომელიც კიდევ უფრო სხვა ტიპის, სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს და განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნების მქონე მგზავრების სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებს“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დაეხმარება გაფრენამდე დრო სასიამოვნოდ გაატარონ, რათა ფრენა ნაკლებად სტრესული და დამღლელი იყოს. ასევე, მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი ფრენის დაწყებამდე.
„პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ჩვენს მთავარ პარტნიორს ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში. შესაბამისად, VISA პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ლაუნჯით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ.
უფრო კონკრეტულად, რომ ვისაუბროთ როგორი იქნება ჩვენი აეროპორტის პირველი ბიზნეს ლაუნჯი? ორ სართულზე განთავსებული სივრცე დაყოფილი იქნება რამდენიმე ზონად: მოსასვენებელი, სამუშაო და კვების ზონა, რაც აეროპორტის მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, დრო გაატარონ მათი საჭიროებებისა და განწყობას შესაფერისად.
ლაუნჯის ინტერიერში ჩაშენებული იქნება ლოკალური ნარატივი — კედლებზე წარმოდგენილი შუქ-პროექციები არგონავტების მითოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მოცემული დეტალები ოდნავ მინიმალისტურად, მაგრამ ემოციურად მოქმედებს მგზავრზე და ქმნის კავშირს ადგილსა და ისტორიას შორის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სივრცეს ჰქონოდა ინტელექტუალური ხასიათი, მაგრამ არ ყოფილიყო გადატვირთული. გვსურდა, ამითაც გამორჩეული და უნიკალური ყოფილიყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი და თითოეულ ელემენტს თავისი ფუნქცია და როლი ჰქონოდა. ამ სივრცის განსაკუთრებული დიზაინის მთავარი ამოცანა იყო აეროპორტის მგზავრებისთვის შეგვექმნა გარემო, რომელიც ერთდროულად იქნებოდა მყუდრო და მსუბუქი, მაგრამ ამავდროულად — აქცენტური და ვიზუალურად საინტერესო“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ხელმოწერის ცერემონიალზე ლევან მოსეშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის სივრცის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა VISA-მ მიიღო, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში აეროპორტის გაფრენის დარბაზში ბიზნეს ლაუნჯის სივრცე უნდა მოაწყოს და ოპერირებისთვის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვოს.
5 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი გაფორმებული იქნება VISA-ს ბრენდის ფერებითა და კონცეფციით. ბიზნეს ლაუნჯის მართვას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავად განახორციელებს.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს