წიგნებისა და სათამაშოების უმსხვილესი რიტეილერი საქართველოში, “ბიბლუს ჯგუფი” სლოვენიაში XS Toys-ის კიდევ ერთ, რიგით მესამე მაღაზიას მომდევნო წელს გახსნის. კომპანიას მოლაპარაკებები აქვს ხორვატიის ბაზარზე შესასვლელადაც. XS Toys-ის ქსელის გაფართოებისა და განვითარების გეგმებზე BM.GE-სთან “ბიბლუს ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გაგნიძემ ისაუბრა.

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხორვატიის ბაზარზე შესასვლელად. ბაზრის შესწავლის პროცესში ვართ და ადგილობრივ ქსელებთან საიჯარო ფასებთან დაკავშირებით გვაქვს მოლაპარაკება. გარდა ამისა, 2024 წლის დასაწყისში სლოვენიაში მესამე ფილიალს ვხსნით”, - ამბობს ირაკლი გაგნიძე.

“ბიბლუს ჯგუფმა” სლოვენიაში პირველი მაღაზია 2022 წლის დეკემბერში, მეორე კი 2023 წლის აგვისტოში გახსნა. კომპანიის დირექტორის თქმით, მაღალმა მოთხოვნამ დამატებითი ფილიალების გახსნის საჭიროება გააჩინა.

“სიტუაცია იმდენად კარგად წავიდა, რომ ახალი ფილიალების გახსნის პროცესის კიდევ უფრო გამარტივების საჭიროება გაჩნდა. სლოვენიაში ჩვენი ბრენდი საკმაოდ კარგად მუშაობს. პირველი ობიექტი, მოლოდინებთან შედარებით, გეგმურად განვითარდა, მეორემ კი მოლოდინებს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე განვითარების პროცესის დაჩქარებას ვცდილობთ”, - ამბობს ირაკლი გაგნიძე.

XS Toys-ის ახალი ფილიალი ლუბლიანაში გაიხსნება, რისთვისაც 350 ათასი ევროს ინვესტიცია განხორციელდება: “შედარებით პატარა ფილიალი ცენტრალურ ქუჩაზე, გამორჩეულ ადგილას გაიხსნება”.

“ბიბლუს ჯგუფი” სავაჭრო ობიექტებს საქართველოშიც ავითარებს. ირაკლი გაგნიძის თქმით, წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 20-მდე ახალი ფილიალი გაიხსნა, როგორც “ბიბლუსის” ასევე სათამაშოების მაღაზიებისა და კაფეების.

“საქართველოშიც კარგად განვვითარდით, მათ შორის რეგიონალურ ნაწილშიც. დავამატეთ ფრანჩაიზებიც: მეოთხეს ვხსნით ამ ეტაპზე და, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, მეხუთესაც გავხსნით. “გრანდ ბათუმი მოლში” ხუთი სხვადასხვა ობიექტი გავხსენით, და ქვეყნის მასშტაბით წლის განმავლობაში 20-მდე ობიექტი დავიმატეთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებებიც შემდგომ გაფართოებაზე”, - აცხადებს “ბიბლუს ჯგუფის” გენერალური დირექტორი.

“ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ისეთ ქსელებს აერთიანებს, როგორიცაა: წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ და “XS Toys”, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეების ქსელი „მულტი“ და კაფეების ქსელი „პიატო“. ჯამში ჯგუფი 150-მდე სავაჭრო სივრცეს ფლობს.

bm.ge