სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის მონაცემების მიხედვით - პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს მომხდარი ინციდენტებისგან  34 შემთხვევა ფატალურად დასრულდა, არაფატალურად - 347 შემთხვევა. მაჩვენებელი ევროპის საშუალო სიხშირეს აღემატება,- ამის შესახებ სამართლისა და სამართალდამცავი სისტემების მართვის მაგისტრმა, თამარ გვასალიამ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს ბევრი კომპანია დღესაც მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ნერგავს.

,,ბოლო წლებში აშკარად შეიმჩნევა წინსვლა, კომპანიები უფრო აქტიურად ინტერესდებიან შრომის უსაფრთხოების საკითხებით, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ეს მაინც უფრო ფორმალურ დონეზე რჩება. ბევრი კომპანია დღესაც მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს.

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დაშავების რისკებმა იკლო. კანონმდებლობის კუთხით საკმაოდ კარგი ჩარჩო გვაქვს და ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. შრომის ინსპექცია საკმაოდ გააქტიურებულია. ინსპექტირებებმა მკვეთრად იმატა, რასაც სტატისტიკაზე დაყრდნობით ვამბობ და ეს უბრალოდ მოსაზრება არ არის. შესაბამისად, რომ არა ორგანიზაციების შემოწმება, ზოგიერთ კომპანიასთან რიგ საკითხებში შედეგს ვერ მივიღებდით",- აღნიშნავს იურისტი.

იურისტის განმარტებით, რეგიონებში შრომის უსაფრთხოების კუთხით ცნობიერება უფრო დაბალია.

,,სამწუხაროდ, რეგიონებში შრომის უსაფრთხოების კუთხით ცნობიერება უფრო დაბალია. საერთო საზოგადოებრივი შემეცნება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ბიზნესმა შრომის უსაფრთხოების სისტემა ინსპექტირების გარეშეც დანერგოს. ამასთან, რეგიონებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რაოდენობის ნაკლებობაცაა.

ხშირად მესმის ფრაზა, რომ შრომის უსაფრთხოება ზედმეტი ხარჯია, მაგრამ რეალურად ეს ყველაზე სწორი ინვესტიციაა, რაც შეიძლება, ბიზნესმა განახორციელოს. უსაფრთხოებაში წინასწარ დახარჯული ყოველი თეთრი გაცილებით ღირებულია, ვიდრე, ინციდენტების შემდეგ დახარჯული ასეულობით ლარი. თუ ბიზნესი ამას გააცნობიერებს, შრომის უსაფრთხოება აღარ დარჩება მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნად, არამედ ბუნებრივი კულტურა გახდება",- აღნიშნა სამართლისა და სამართალდამცავი სისტემების მართვის მაგისტრმა, თამარ გვასალიამ რადიო "კომერსანტის" ეთერში.