ბაზრები, რომლისკენაც ხელისუფლების ყურადღებაა მიპყრობილი, შეიძლება ღვინის ტურიზმისთვის ნაკლებად მოგებიანი იყოს,- ამის შესახებ "მშვენიერაძეების მარნის" თანადამფუძნებელმა, გიორგი მშვენიერაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
"მშვენიერაძეების მარანი" პატარა, საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხენთაროში მდებარეობს. მეღვინეობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ღვინოს ჯერ ბაბუა, შემდეგ კი მამა აყენებდა. თუმცა, 2019 წლიდან საოჯახო მეღვინეობამ ბიზნესის კომერციალიზაცია გადაწყვიტა და იმერული ტრადიციით, ჭურში დაყენებული ბიო ღვინის აქტიური წარმოება და დაბრენდვა დაიწყო.
მშვენიერაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ნატურალურ ღვინოს, რომელსაც ისინი აწარმოებენ მათი ვენახებიდანაა და წლიურად, 2500 ბოთლს ასხამენ. ის ადგილობრივ ბაზარზე ღვინის ბარებსა და მაღაზიებში იყიდება, სადაც ნატურალური ღვინის გაყიდვა პრიორიტეტულია. ხოლო საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტი, ადგილობრივად გაზრდილი ღვინის მოხმარების გამო, მეღვინეობას ბოლო 2 წელია დაპაუზებული აქვს.
“იმერული ყურძენი სრულად ჩვენი ვენახებიდანაა. თუმცა, 2022 წელს პრეცედენტი გვქონდა, როდესაც ყურძენი კახეთიდან და შიდა ქართლიდანაც შევიძინეთ, თუმცა ისინი ბიო სერტიფიკატს ფლობდნენ, რათა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გვეწარმოებინა. ვაწარმოებთ როგორც სუფრის ღვინოებს, იმერული წესით ჭურში დაყენებულს, ასევე ვაწარმოებთ ცქრიალა ღვინოებს ე.წ. პეტნატებს, რომელიც არის ძველი მეთოდით დამზადებული. მეღვინეობაში გვაქვს 2023 და 2024 წლების ძელშავი და ციცქა და ასევე, ცოლიკაური”, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
საოჯახო მეღვინეობის თანადამფუძნებლის თქმით, მათი ღვინო ამ დროისათვის, ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე ღვინის ბარსა და მაღაზიაშია წარმოდგენილი, რომლებიც ნატურალური ღვინის რეალიზაციაზე არიან ორიენტირებული. ამასთან, ქართული მეღვინეობის ღვინოები მათსავე ვებგევრდზეც იყიდება, რომელთა ღირებულებაც 35 ლარს შეადგენს.
“წარმოება მცირეა, შესაბამისად, არ ვთვლით რომ რეალიზაციის პრობლემა გვაქვს. თუმცა, რაც თვალსაჩინოა, ეს არის ტურისტული ნაკადების შემცირება, მათ შორის მაღალხარისხიანი ტურისტის, რომელიც ადგილობრივი ტრადიციების გაცნობითა და კულტურის ზიარებით არის დაინტერესებული. მაღალ გადახდისუნარიან ტურისტზე გვაქვს საუბარი. ბაზრები, რომლისკენაც ხელისუფლების ყურადღებაა მიმართული, შეიძლება ღვინის ტურიზმისთვის ნაკლებმომგებიანი იყოს”, - ამბობს მეღვინე.