2025 წლის 30 ივნისის ფინანსური მაჩვენებლებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 4.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14% შეადგინა.

ბიზნესის დაკრედიტებით ბაზისბანკი სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 17%-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 1.5 მილიარდი ლარია.

2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საცალო სესხების მოცულობამ 880 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მონაცემებით, ბბ ლიზინგის პორტფელმა 44 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წლის ექვს თვეში მოზიდულმა პრემიამ 12 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით წარმატებული მიმდინარე წლის მეორე კვარტალი იყო და მოზიდული პრემია პირველ კვარტალთან შედარებით 33%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით. პოზიტიური ზრდაა მოგების კუთხითაც, ბბ ლიზინგის მოგების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%, ხოლო ბბ დაზღვევის მოგების ზრდამ 18% შეადგინა.

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბაზისბანკის კონსოლიდირებულმა წმინდა მოგებამ 57.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, მოგების ზრდამ 39% შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 3.35%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 17.54% შეადგინა.

„2025 წლის პირველი ნახევარი ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვნად წარმატებული იყო. ჯგუფმა დინამიური ზრდა აჩვენა როგორც ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების, ისე სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით. მიღწეული ფინანსური შედეგების მზარდი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, კლიენტების ნდობის მაღალ ხარისხსა და იმ სტაბილურ ბიზნესმოდელს, რომელსაც ვატარებთ.

ბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას ქართული ბიზნესის მხარდაჭერა და განვითრება წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. გვეამაყება, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა დინამიურად იზრდება, ვითარდება და ჩვენს ხანგრძლივ ბიზნეს პარტნიორად რჩება. ბაზისბანკი, როგორც ზრდასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ბაზარზე პოზიციების გამყარებას და მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნას.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.