ქართულ ბაზარზე „პლუს საიზ“ ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი „უზომო“ გამოჩნდა. კომპანია 2023 წლის ნოემბერში დაარსდა და ამ ეტაპზე 6 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

„კომპანია დაარსდა 2023 წლის ნოემბერში. ოქტომბერში მე და დედაჩემს გაგვიჩნდა იდეა, ქართული „ოვერსაიზ“ ბრენდის შექმნის, თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებდით იდეის განხორციელებას. მალევე მე და ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა (აწ უკვე პარტნიორმა) გადავწყვიტეთ მოგვეყარა ყველაფრისთვის თავი და ნოემბრის დასაწყისში უკვე სერიოზული სახე მივეცით. დავაარსეთ კომპანია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ეტაპზე 6 ადამიანი გვყავს დასაქმებული, თუმცა ნელ-ნელა ვხედავთ თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის საჭიროებას,“- აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიგი გელაშვილი.

როგორც  კომპანიის დირექტორმა განაცხადა, „უზომო“ ძირითადად სპორტული ტანსაცმლის ხაზს აწარმოებს, რომელიც განკუთვნილია ყველასთვის, XL-დან 7XL-მდე, თუმცა ბრენდი ყოველდღიური და კლასიკური ტანსაცმლის ხაზის დამატებასაც გეგმავს.

 „ჩვენი ხაზი ჯერჯერობით ძირითადად სპორტული ტანსაცმელია, რომელიც კონცენტრირებულია „პლუს საიზ“ ადამიანებზე, XL-დან 7XL-მდე. ყოველდღიურად ვცდილობთ განვაახლოთ ჩვენი კოლექცია და შევმატოთ სხვადასხვა სახის მოდელი, ჯერ კიდევ სპორტულ კატეგორიაში. თუმცა, სამომავლოდ ვაპირებთ როგორც კლასიკური, ასევე ყოველდღიური ტანსაცმლის ხაზის დამატებას. ამ მიმართულებით, მომხმარებლების დაინტერესება დიდია“.

კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ მაღაზიითაა წარმოდგენილი, თუმცა უახლოეს მომავალში, იგეგმება ფიზიკური მაღაზიის გახსნაც.

„ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ მაღაზიით დავიწყეთ, თუმცა ახლო მომავალში ვგეგმავთ ფიზიკური მაღაზიაც გავხსნათ. გეგმები ამასთან დაკავშირებით თანდათან ლაგდება და სერიოზულ სახეს იღებს, უბრალოდ ჯერ გვინდა ხალხმა ძალიან კარგად გაიცნოს ეს ბრენდი და მიხვდეს, თუ რამდენად მაღალხარისხიანი პროდუქცია გვაქვს, რამდენად ვერგებით იმ მოთხოვნებს, რაც არსებობს საქართველოში და როგორც კი რაღაც კონკრეტულ რაოდენობას მივაღწევთ კმაყოფილი და ერთგული მომხმარებლების, შემდეგ უკვე გარანტირებულად გაიხსნება ფიზიკური მაღაზიაც... დიდი იმედი გვაქვს რომ 2024 წლის ბოლომდე ეს პროექტი განხორციელდება,“- აცხადებს გელაშვილი.

კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, „უზომო“ მომსახურების სპეციალური სერვისითაც გამოირჩევა, რომელიც მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ.

„რეალურად,  ჩვენი ტანსაცმელი არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც არის ონლაინ მაღაზიაში. ანუ, ძალიან იშვიათია ოვერსაიზ ტანსაცმელი, რომლის ყიდვაც სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. 

ჩვენს შემთხვევაში, გამოწერა ძალიან მარტივია. გამოწერილ ტანსაცმელს მიიღებ სახლში სპეციალური სერვისით, რომელიც გულისხმობს არა ერთი პროდუქტის მიღებას, არამედ დამატებითი ორი პროდუქტის მიღებას, რათა მომხმარებლებს შესაბამისი ზომის შერჩევა გაუადვილდეთ.  მაგალითად, თუ მომხმარებელი შეუკვეთავს 3XL-ს, ჩვენ მიგვაქვს როგორც 2XL, ასევე 4XL, რაც კიდევ უფრო ამარტივებს არჩევას. მომსახურების ასეთი სერვისი, ჩვენს მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ“.

ამ ეტაპზე, კომპანია ქართული ბაზრის ათვისებას და სპორტის სამყაროში ფეხის მოკიდებას გეგმავს, ხოლო სამომავლოდ, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლასაც.

„ჩვენ გვაქვს ამის ძალიან დიდი პოტენციალიც და შესაძლებლობაც, რომ საქართველოს ფარგლებს გავცდეთ და მოვიცვათ როგორც ევროპის, ასევე აზიის და ამერიკის ქვეყნები, თუმცა  ამ ეტაპზე ეს ჩვენს მიზანს  არ წარმოადგენს, ვინაიდან ჯერ ქართული ბაზრის საკმაოდ კარგად ათვისებას ვგეგმავთ,“- აცხადებენ „უზომოში“.

კომპანიის დირექტორის თქმით, გეგმავენ სპორტის სფეროში უფრო აქტიურად შესვლას, კერძოდ „პლუს საიზ“ სპორტსმენებთან თანამშრომლობას, მაგალითად ძიუდოისტებთან, ძალოსნებთან და მორაგბეებთან.

„ვაპირებთ უშუალოდ სპორტის ძალიან მაღალ დონეზე ათვისებას. გვინდა ხალხმა ეს ბრენდი გაიცნოს როგორც არამხოლოდ ოვერსაიზ ტანსაცმელი, არამედ უშუალოდ ვარჯიშის დროს კომფორტული ტანსაცმელი, რომელიც ერგება XL-დან 7XL-მდე ადამიანებს. გვინდა ჩვენი ბრენდი ასოცირდებოდეს სპორტთან და ჯანსაღ ცხოვრებასთან, ისევე, როგორც Gymshark,“- აცხადებს კომპანიის დირექტორი, გიგი გელაშვილი.