Gtex-ი 2025 წელს ფართო მასშტაბიან გაფართოებას გეგმავდა, თუმცა კომპანიას ბაზარზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღის წესრიგის შეცვლა მოუწია. Gtex-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა კაპანაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ რითეილ სექტორს ახლა შედარებით რთული პერიოდი აქვს, რის გამოც კომპანიამ ფართო მასშტაბიან გაფართოებაზე უარი თქვა. Gtex-ი წლის დასაწყისში ყოველთვიურად ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავდა, თუმცა ამის საშუალებას ბაზარზე არსებული ვითარება არ იძლევა.

 

,,ბაზარი აგრესიული განვითარების საშუალებას არ იძლევა. ჩემი შეხედულებით სამწუხაროდ, ცოტა რთული პერიოდი აქვს ახლა რითეილ სექტორს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვითარდებით. აგრესიულ განვითარებაში ვგულისხმობ თვეში ერთი ახალი მაღაზიის გახსნას. ასეთ ტემპს. შარშან ასეთი გეგმა გვქონდა 2025 წლისთვის. ასეთ აგრესიულს ნამდვილად ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ ახალ ბრენდებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.’’- აცხადებს ანა კაპანაძე.

 

Gtex-ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ უცხოური ბრენდები საქართველოს ბაზრით ინტერესდებიან და შემოსვლაზე უარს არ ამბობენ, თუმცა მეტ სიფრთხილეს მიმართავენ. ისინი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მეტი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ და ყველა რისკს უფრო სიღრმისეულად აანალიზებენ. უცხოური ბრენდების მხრიდან ეს ტენდენცია ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაწყების შემდეგ შეინიშნება.

 

,,უცხოური ბრენდები ფრთხილობენ მაინც. უფრო სიფრთხილით ეკიდებიან. რისკებს წონიან, თუმცა უარს არ ამბობენ ბაზარზე შემოსვლაზე. უფრო დეტალურ ანალიზს ითხოვენ. უფრო მეტად ითხოვენ ბაზრის შესწავლას და ითხოვენ მეტ ინფორმაციას. ადრე, ამ მოვლენებამდე უფრო მეტი სითამამე იყო. მაისამდე ბევრად უფრო სითამამე იყო ბაზარზე. ბრენდებიც და ინვესტორებიც ახლა ბევრად უფრო ფრთხილად არიან.’’- აცხადებს ანა კაპანაძე.