ბავშვთა კვების დისტრიბუტორებს 5 კომპანიის, შპს „ბეიბი ფუდი“ (HiPP,SPLAT, pine baby care, Bionnex, Roxy Kids), შპს „ნატურლენდი“- (Nutrilak, Винни), შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალ“ (Humana, Komili Bebe), შპს „ჯისი“  (Nutrilon, Bebi, Малютка, Bübchen) და შპს „ჯეო ნუთრიშენ“ (Similac, MAMAKO, NANNY.), მაგალითზე Finspot-ი გაეცნო. 

კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბავშვთა კვების ნაწარმის იმპორტი, დისტრიბუცია და საბითუმო რეალიზაცია საქართველოში. განხილული კომპანიები წარმოადგენენ ბავშვთა კვების სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორებს. ხშირ შემთხვევაში, კომპანიები დამატებით ახდენენ ჰიგიენური პროდუქტებისა თუ სხვა პროდუქციის იმპორტსაც, თუმცა შედარებით მცირე მოცულობით. 

„ბავშვთა კვების დისტრიბუტორებს აქტივების პროპორციულად მცირე ინვესტიცია აქვთ განხორციელებული ძირითად საშუალებებში. ფიქსირებული აქტივების ძირითადი წილი მოდის დისტრიბუციისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე, სადისტრიბუციო ცენტრებს/საწყობებს კი უმეტეს შემთხვევაში საოპერაციო იჯარით იღებენ. ვინაიდან, ძირითადი საშუალებების წილი მთლიან აქტივებში საკმაოდ მცირეა, კომპანიები არ საჭიროებენ მოცულობით კაპიტალურ ინვესტიციებს და, როგორც წესი, არც სესხის აღების საჭიროება აქვთ - გარდა საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საჭიროებისა.

კომპანიებს სექტორისთვის მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები, დაბალი ლევერიჯი და მცირე კაპიტალური დანახარჯები (capex) აქვთ. სწორედ ეს განაპირობებს, რომ წარმოდგენილ კომპანიებს აქვთ საშუალება საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები გამოიყენონ მფლობელებზე დივიდენდების განაწილებისთვის“, - ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.

წარმოდგენილ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიციას HiPP-ის ოფიციალური დისტრიბუტორი „ბეიბი ფუდი“ იკავებს. „ბეიბი ფუდის“ შემოსავლებმა 2022 წელს ₾25 მილიონი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენი კონკურენტების შემოსავლებს.

2019-2022 წლებში „ჯეო ნუთრიშენის“ შემოსავლების მაღალი საშუალო წლიური ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ კომპანიამ ოპერირება მხოლოდ 2019 წელს დაიწყო. „ჯეო ნუთრიშენი“ თუ ბაზრის წილის ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას მოახერხებს, არ არის გამორიცხული მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიოს მსხვილ კონკურენტებსაც.

კომპანიების საერთო მოგების მარჟები 35%-55%-ის ირგვლივაა. ამ მხრივ გამონაკლისია „ჯისი“, რომლის საერთო მოგების მარჟა მხოლოდ 18%-ს შეადგენს, რასაც დაბალი საოპერაციო ხარჯებით ნაწილობრივ აბალანსებს.

საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საკმაოდ განსხვავებულია კონკურენტებს შორის და 10%-45%-მდე მერყეობს. საოპერაციო ხარჯებში სხვაობის ძირითადი მიზეზი თანამშრომელთა ანაზღაურება და მარკეტინგული დანახარჯებია. ყველაზე მაღალი მარკეტინგული დანახარჯები როგორც პროპორციული, ასევე აბსოლუტური მაჩვენებლებით, „ბეიბი ფუდს“ და „ნატურლენდს“ აქვთ. ორივე მათგანი შემოსავლების 10%-ს ხარჯავს მარკეტინგულ აქტივობებში. 

„სექტორის გათვალისწინებით, ბავშვთა კვების იმპორტიორების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ კარგად გამოიყურება. მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებს („დიპლომატ ჯორჯია“, „შარმ თრეიდინგი“, „მეგაკო“ და ა.შ.) თუ შევადარებთ, ბავშვთა კვების დისტრიბუტორთა მომგებიანობის მარჟები გაცილებით მაღალია. 10%-ზე ნაკლები EBITDA მარჟა მხოლოდ „ჯისის“ აქვს. ყველაზე მაღალი EBITDA მარჟა კი „ჯეო ნუთრიშენს“ აქვს, რაც ძირითადად კომპანიის დაბალი საოპერაციო ხარჯებით არის განპირობებული.

კაპიტალის სტრუქტურის კუთხით, კომპანიები უმეტესად საკუთარი კაპიტალით ფინანსდებიან და სესხს მცირე მოცულობით იყენებენ. ის კომპანიები კი, რომელთაც სესხი აქვთ ბალანსზე, კომფორტულად ახერხებენ სესხზე მომსახურებას.

დაბალი ლევერიჯის, მცირე კაპიტალური დანახარჯებისა და სექტორისთვის მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების ფონზე, კომპანიებს საკმარისი ფულადი ნაკადები რჩებათ დივიდენდების გასაცემად. 2019-2022 წლებში კუმულატიურად გაცემული დივიდენდები: „ბეიბი ფუდი“ - ₾4.1 მილიონი; „ნატურლენდი“ - ₾5.8 მილიონი; „ფაინ თრი ინთერნეიშენალ“ - ₾1.8 მილიონი; „ჯისი“ - ₾2.2 მილიონი; „ჯეო ნუთრიშენ“ - ₾3.9 მილიონი“, - ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.

შპს „ბეიბი ფუდი“ მფლობელებია: მაია კურდღელაშვილი (50%) და თეიმურაზ მამაცაშვილი (50%).

შპს „ნატურლენდი“ მფლობელებია: ვახტანგ ბარბაქაძე (65%) თეონა გიორგაძე (15%), შორენა მეხრიშვილი (15%), ბექა ბურდილაძე (5%).

შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალ“ მფლობელებია: თეიმურაზ კონიაშვილი (80%), თამარი კონიაშვილი (20%).

შპს „ჯისი“ მფლობელებია: აკაკი ახვლედიანი (55%), ნინო მიქაძე (25%), ზაზა კაპანაძე (20%), შპს „ჯეო ნუთრიშენ“, რომლის მფლობელია ვუგარ ჰუსეინოვი.