წლევანდელ სეზონზე, ბაკურიანში ყველაზე დიდი უკმაყოფილება გზაზე შექმნილმა საცობებმა გამოიწვია. დამსვენებლები წერენ, რომ ქუჩა დღის ნებისმიერ მონაკვეთში ავტომობილებით პარალიზებულია, გართულებული და საფრთხის შემცველია ფეხით მოსიარულეების გადაადგილებაც.

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის თქმით, ეს კურორტის განაშენიანების ინტენსივობამ, გამოიწვია. ბურჯანაძე "კომერსანტთან" აღნიშნავს, რომ საქართველოს კურორტებს არც დაგეგმარება აქვთ და არც ინფრასტრუქტურული მოწყობა, რაც მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

„ბაკურიანში, გუდაურში თუ სხვა კურორტებზე, არანაირი წინასწარი გათვლა, თუ რამდენი დამსვენებლის მიღება შეუძლიათ, არა არსებობს. სამარცხვინოა, იმის თქმა, იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, არ ველოდითო. ზამთარში ტურისტს უნდა ელოდებოდე, შესაბამისად, მობილიზებული უნდა იყო. იქ მანქანების რაოდენობა კი არაა პრობლემა, არამედ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, როცა გადაადგილება შეუძლებელია დამტვრეული გზების გამო და ვერ ხდება სწრაფი მოძრაობა და საცობი, ასევე ხშირად დაუსუფთავებლობის გამო ნაგავი ყრია და მანქანის დასაყენებელი ადგილი არ არია. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი. პრევენციის მომენტი, საქართველოში სახელმწიფო უწყებების მხრიდან თითქმის არ არის. ბაკურიანის ეს პრობლემა 15-20 წელიწადია დგას,  რაც უფრო ვითარდება ქვეყანა, პრობლემაც იზრდება, რადგან მოუმზადებლად ხვდება ესა თუ ის ფუნქციონალი სეზონს.

ბაკურიანში დასვენება არ ხდება, იქ ნერვები ეშლება ხალხს. კორპუს კორპუსი ემატება და ინფრასტრუქტურა არ ვითარდება. არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ადგილი, რომელსაც გეგმა არ აქვს და ქაოსურად ვითარდება. ქაოსური განვითარება როცა ხდება, ამ შემთხვევაში რეგულაცია რთულია",- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის დილასთან" ინტერვიუში.