„ორბი ჯგუფი“ ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას მაისიდან დაიწყებს,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ჰოლდინგი „ორბი ჯგუფის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გელა მახარაძემ განაცხადა. მისი თქმით ამ ეტაპზე ჰოლდინგი პროექტირების პროცესს ასრულებს და მაისიდან, როდესაც ბახმაროში თოვლი დადნება სამშენებლო პროცესი დაიწყება.
გელა მახარაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შეიკავებს, თუმცა განმარტავს, რომ პროექტის სიმაღლე რეგიონში დასაშვებ პარამეტრებში ჩაჯდება.
„ერთი წელია პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან ეს სარეკრეაციო ზონაა და პროცედურები ძალიან გართულებულია, ადმინისტრაციულ ორგანოებთან საჭიროებს შეთანხმებას.
ახლა პროექტირების ეტაპს ვასრულებთ და ჩვენი გათვლებით მაისში, როდესაც თოვლი დადნება სამუშაოებს დავიწყებთ, თუ რამდენ სართულიანი იქნება შენობა, ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით იმას, რომ დაცული იქნება ის სიმაღლე, რაც ბახმაროშია დაშვებული, ეს არის 15 მეტრი სიმაღლე, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფერდობია და არასწორი რელიეფი.“ - აღნიშნა გელა მახარაძემ.
მახარაძე ასევე განმარტავს, რომ პერიოდულად, როდესაც მიწაზე აუქციონი ცხადდება „ორბი ჯგუფი“ აუქციონით მიწას ყიდულობს და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ტერიტორიას აფართოებს,
„უპირობო აუქციონები ცხადდება, საიტებს ვაკონტროლებთ და როდესაც ფართობი გამოდის გასაყიდად, ვყიდულობთ, საკმაოდ დიდი ინვესტიციაა და ყველა დეტალი საყურადღებო და გასათვალისწინებელია, რთული გარემოა, ზვავსაშიშროებაა, მიუხედავად იმისა, რომ ბახმაროს გენერალური გეგმა დამტკიცებულია ეს გეგმა მაინც ზოგადია და მიდის კონკრეტიზაცია, ძალიან ბევრი კვლევა ტარდება, რასაც ადგილობრივი რესურსი ვერ სწვდება, მაგალითად გარკვეულ კვლევებს ფრანგები ატარებენ“ - აღნიშნა გელა მახარაძემ.
კომპანიამ 3 აპრილს გამართულ აუქციონზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 200.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 81000 ლარი უნდა გადაიხადოს.
ასევე ორბი ჯგუფის“ შვილობილმა „ორბი ჯგუფი ბახმარომ“ აუქციონზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2023 წლის იანვარშიც შეიძინა, რაშიც 217 000 ლარი გადაიხადა.
“ორბი ჯგუფმა” სახელმწიფოსგან ბახმაროში მიწა 1 ლარად, კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით, 2019 წელს იყიდა.
თაკო კვაჭანტირაძე