ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დღეიდან 4 დაიწყო და სულ 350 აპარტამენტი გაიყიდება, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ ტელეიმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, 1 კვ./მ-ია საწყისი ფასი 1500 დოლარი იქნება, თუმცა, იქნება 2000, 3000 და 5000-დოლარიანი ფართებიც.
„ორბი ჯგუფმა“ ბახმაროს პროექტისთვის სამზადისი 2 წლის წინ დაიწყო და ხანგრძლივი მოლაპარაკებები მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში შესულ კომპანია Wilkinsoneyre-თან აწარმოვა. როგორც პროექტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს: სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს. ადგილზე მოეწყობა დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს წელიწადში 300 000 ტურისტს მოემსახუროს.
„ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ ტელეიმედის ეთერში განაცხადა, რომ ეს პროექტი იქნება ერთგვარი ლოკომოტივი კურორტის განვითარებისთვის, საფუძველი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, დამატებითი ტურისტული ნაკადების გაზრდისთვის და ახალი ინფრასტრუქტურისთვის.
„სანტიმეტრის სიზუსტით დავიცავით გენ-გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. პროექტი აბსოლუტურად შესატყვისია ლანდშაფტთან. 8 ჰექტარზე განხორციელდება ეს კომპლექსი, 7 ჰექტარზე იქნება რეკრეაციული ზონა, სადაც განთავსდება ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც სჭირდება კურორტს. გვაქვს ტყის ნაწილიც, სადაც ვგეგმავთ ზიპლაინებისა და სასეირნო ადგილების მოწყობას და კინოთეატრის გაკეთებას“, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.
პროექტის ამსახველ ფოტოებს ჩოხატაურის მერი, დათო შარაშიძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.