პეკინი – აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-10 ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა AIIB-ის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინის და საქართველოს ფინანსთა მინისტრ, ბატონ ლაშა ხუციშვილის მონაწილეობით, რომლის მიზანი იყო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცება.
შეხვედრაზე აღინიშნა მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პროგრესი. განხილულ იქნა საქართველოს ძირითადი ინიციატივები, მათ შორის თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (125 მილიონი აშშ დოლარი, დამტკიცდა 2024 წელს), რომელიც ხელს უწყობს ურბანული მობილობის გაუმჯობესებას დედაქალაქში, ასევე AIIB-ის პირველი პროექტი საქართველოში — ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც წარმოადგენს შუა კორიდორის სტრატეგიულ მონაკვეთს და რომელმაც ამ დრომდე წარმატებით დაძლია და გადაჭრა რთული რელიეფური გამოწვევები ხუთი გვირაბისა და 19 ხიდის მშენებლობით.
AIIB ასევე მხარს უჭერს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებების გზით. ბოლოდროინდელი თანამშრომლობა მოიცავს ტრანზაქციას TBC ბანკთან, რომლის მიზანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერება.
სამომავლო პერსპექტივაში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისადმი მზადყოფნა და ერთგულება. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის — ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დერეფნების მიმართულებით — განაგრძობს AIIB-თან თანამშრომლობის განმტკიცებას. შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა განიხილეს მწვანე და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების, რეგიონული კავშირის გაძლიერების, კერძო კაპიტალის მობილიზაციისა და პოლიტიკაზე დაფუძნებული დაფინანსების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დაბალემისიური და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შემუშავებას.
AIIB-ის შესახებ
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს მრავალმხრივი განვითარების ბანკს, რომელიც ემსახურება მომავლის ინფრასტრუქტურის დაფინანსებას, და მისი მიზანია მდგრადობა. AIIB-მა ოპერირება დაიწყო 2016 წელს და დღევანდელი დღის მონაცემებით უკვე ჰყავს 110 დამტკიცებული წევრი ქვეყანა მსოფლიოშ მასშტაბით, გააჩნია 100 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალი და მოპოვებული აქვს AAA რეიტინგი საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოებისგან. AIIB თანამშრომლობს პარტნიორებთან კაპიტალის მობილიზებისა და ინფრასტრუქტურასა და სხვა პროდუქტიულ სექტორებში ინვესტირების მიზნით, რაც ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონული დაკავშირებულობის გაუმჯობესებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.aiib.org.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს აღმასრულებელ სამთავრობო უწყებას, რომელიც ახორციელებს საჯარო მმართველობას ფინანსების, ბიუჯეტირებისა და დაბეგვრის სფეროში, უზრუნველყოფს ბიუჯეტირების, შიდა შემოსავლების და აღრიცხვისთვის საჭირო კანონმდებლობის განვითარებასა და შესრულებას, ასევე ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციული ზომების გზით ეკონომიკური დანაშაულების თავიდან აცილებას.