ახალი ბრენდების შემოყვანაზე ვმუშაობთ და რამდენიმე ევროპულ ბრენდს ვესაუბრებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ და მხოლოდ საქართველოს კონტექსტში არ ვესაუბრებით და ვესაუბრებით რეგიონის კონტექსტში, ამიტომ რამდენიმე ქვეყანაზე ერთდროულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები,  - ამის შესახებ "სინომი რითეილის" ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის შემოვა ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდები და სწორედ, ამიტომ "სინომი რითეილის" ხელმძღვანელი ბრენდების დასახელებისგან ამ ეტაპზე, თავს იკავებს.

"არსებულ ბრენდებთან გვაქვს გაფართოებისა და განვითარების გეგმები, ხოლო ახალ ბრენდებთან მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. 2027-2028 წლის განმავლობაში თუ ყველა ჩვენი პროექტი განხორციელდა, მაშინ დამატებით 15 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნულ პროექტებზე ღიად საუბარი, დაახლოებით, 1 წელში შეგვეძლება", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ბრენდებს - როგორც "სინომი რითეილის" ხელმძღვანელი აღნიშნავს, 2026 წელს საქართველოში არსებული ბრენდების დამატებით 3 ფილიალი გაიხსნება

რევაზ მაღალაშვილის განცხადებით, 2025 წელი კომპანიისთვის რეკორდული იყო და მათი გაყიდვები, დაახლოებით, 25%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა. "სინომი რითეილი" წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.

2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი  საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.

წყარო: ბიზნესპარტნიორი