საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის შემუშავებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ამ კანონის ინიციირებით, არაპირდაპირ აღიარეს, რომ ოფშორული სავანეები ქართველი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენებისთვის თუ დიდი ფულის მფლობელებისთვის აღარ არსებობს.
„ოფშორებიდან ქონების საქართველოს საწარმოებისთვის გადაცემა საგადასახადო ადმინისტრირებას ექვემდებარება და ის საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რაც რა თქმა უნდა დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს წარმოშობს იმ ადამიანისთვის რომელსაც ოფშორში ჰქონდა კომპანია და მასზე ჰქონდა სხვადასხვა აქტივები გაფორმებული, შემდეგ კი გადმოტანა საქართველოში დააპირა.
კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ გართულდა ოფშორების მდგომარეობა და ამიტომ გახდა საქართველოში ასეთი კანონმდებლობის მიღების საჭიროება. ამ განცხადებიდან გამომდინარე, აქტივების გადმოტანის საჭიროება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის, ის უფრო ყურადსაღებია, რომ არაპირდაპირ აღიარეს, რომ ოფშორული სავანეები ქართველი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენებისთვის თუ დიდი ფულის მფლობელთათვის აღარ არსებობს. მათ, ვისაც ეს ფული გადამალული აქვთ ოფშორებში და რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა კანონმდებლობის გამო, არაკეთილსინდისიერი მოხმარების, ფულის გათეთრების თუ კორუფციული რეგულაციების გათვალისწინებით, მკაცრი რეგულირების ქვეშ მოხვედრილიყვნენ, იქ ვეღარ დარჩებიან, რადგან არ არის ის აქტივი დაცული. მართლაც ასეა, ოფშორებში არსებული ინფორმაცია დაინტერესებული საჯარო უწყებებისთვის უფრო გამჭვირვალე ხდება, იქნება ეს ევროპული თუ ამერიკული უწყება, შესაბამისად არაკეთილსინდისიერი ფულის მფლობელებისთვის სავანეები სულ უფრო მცირდება და აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამიტომ კანონი დაჩქარებული წესით მიიღეს.
ამ კანონით, თუკი საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს რომელიმე ოფშორში აქვს კომპანია და ის კომპანია არის საქართველოში არსებული ორგანიზაციის უძრავი ქონების მესაკუთრე, ის აქტივი უნდა გადმოაფორმოს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე ანუ უნდა გახადოს საჯარო, ამაში კი სახელმწიფო არაფერს არ გადაახდევინებს, იქნება ეს ქონების გადასახადი, იმპორტის რეგულაციები, საშემოსავლო, მოგების თუ სხვა. თუმცა, ვინც ფიქრობს, რომ ოფშორს და სანქციებს ამ მეთოდით თავს დააღწევს, ძალიან გულუბრყვილოდ იქცევა, რადგან საქართველო არის არაერთი საერთაშორისო აქტის და სისტემის მონაწილე, რომელიც ფულის გათეთრებას, არაკეთილსინდისიერ კორუფციულ ფინანსებს და ქონებას, ტერორიზმს თუ სხვას აკონტროლებს, შესაბამისად საქართველოში საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ამ ქონების აქ გადამალვა არ გამოვა. თუკი არაკეთილსინდისიერი ფული იქნება, ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ის კონკრეტული პირი და კომპანია, არამედ საქართველო დასანქცირდება“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.
პარლამენტში ინიციატივა მისმა თანაავტორმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. მისი თქმით, შეღავათი გავრცელდება ოფშორებიდან საქართველოში კომპანიებისა და მათი გადმოტანაზეც, საუბარია ისეთ აქტივებზე, როგორიცაა თვითმფრინავები და მანქანები. პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადები მოეთხოვებათ. ამიტომაც, ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ოფშორებში ფლობენ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათების მიღებას გეგმავენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება.