სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა აზარტული თამაშების სფეროში არალეგალური ოპერატორები და ვებსაიტები.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG-ის განუცხადა, 2021 წლის შემდეგ, როდესაც სექტორისთვის გადასახადები მკვეთრად გაიზარდა, დარგში არალეგალური ოპერატორების რაოდენობამაც იმატა.

გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ ყოველწლიურად ამ მიმართულებით ქვეყნიდან 2 მილიარდ ლარამდე გაედინება, რაც საბიუჯეტო შემოსავლებსაც აზარალებს.

“2021 წლის ცვლილებების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა არალეგალური საიტების სეგმენტი საქართველოში. დღესდღეობით, ჩემი ინფორმაციით, [ყოველწლიურად] ამ მიმართულებით 2 მილიარდ ლარამდე დეპოზიტები გადის ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, ის ბრუნდება კიდეც, მაგრამ ეს რეალურად არის ის არალეგალური კონტენტი, რომელიც არ კონტროლდება და ვერ კონტროლდება სახელმწიფოებისგან. დღეს რომ არის საუბარი არასრულწლოვნების ჩართულობაზე [აზარტულ თამაშებში], ისინი ჩართულები არიან არალეგალურ ოპერატორებთან. ლეგალური ოპერატორები ყველანაირად ებრძვიან [არალეგალურ საიტებს]. რა თქმა უნდა, გადასახადებიც აკლდება ბიუჯეტს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს თანხები გადის საქართველოდან და რჩება არალეგალურ ოპერატორებთან.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს მოახერხეს ლეგალურმა ოპერატორებმა გარდატეხა მოეხდინათ ბიზნესში და დაებრუნებინათ მომხმარებელი უკან და შესაბამისად, გაეზარდათ თავიანთი შემოსავლები და გადასახადებიც, მაინც არალეგალურ საიტებთან და ოპერატორებთან ბრძოლის მიმართულებით, ჩვენი და სახელმწიფოს ერთობლივი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, რომ ჩვენ ვებრძოლოთ არალეგალურ ოპერატორებს, რომლებიც დღესდღეობით ოპერირებენ საქართველოში. გვაქვს ცოდნა, გვაქვს რესურსი, რომ ეს გავაკეთოთ და მზად ვართ სახელმწიფოს დავუდგეთ გვერდში და ერთად გადავტეხოთ საქართველოში არალეგალური საიტების “ბობოქრობა” და მუშაობა, რომ ლეგალური ბიზნესი განვითარდეს”, - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

თავად ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აზარტული თამაშების სექტორში არალეგალური ოპერატორების და საიტების მოცულობა მნიშვნელოვანი არ არის და უწყება არალეგალური ბიზნესის წინააღმდეგ მუდმივად ატარებს შესაბამის ღონისძიებებს.

bm.ge