რამდენიმე დღის წინ, თბილისში, კოსტავას გამზირზე ქათმის პირველი რესტორანი „წიწილა“ გაიხსნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „წიწილას“ თანადამფუძნებელი მარიამ მარხულია ამბობს, მათი რესტორანი რამდენიმე დღეში „ვოლტზე“ და „გლოვოზე“ დაემატება და მიტანის სერვისიც ექნებათ. რაც შეეხება გეგმებს, წელს სურთ „წიწილა“ ბრენდად აქციონ და სამომავლოდ მარტო ერთ რესტორანზე გაჩერებას არ აპირებენ.
„კომერსანტი“ მარიამ მარხულიას „წიწილას“ შექმნაზე, მენიუზე, ფასებსა და გეგმებზე ესაუბრა
საიდან გაჩნდა „წიწილას“ გახსნის იდეა და როგორია რესტორნის მენიუ?
მარიამ მარხულია, „წიწილას“ თანადამფუძნებელი: „წიწილა“ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. ვემატებით „ვოლტზე“ და „გლოვოზე“ და რამდენიმე დღეში გვექნება მიტანის სერვისი. რესტორანს „წიწილა“ დაერქვა იმის გამო, რომ ყველა პროდუქტი ქათმისაგანაა მომზადებული. გვაქვს ვეგეტარიანული კერძებიც, მაგრამ ქათმის გარდა სხვა ხორცი არ გვაქვს. 45 კაცზეა გათვლილი სივრცე, გვაქვს გარეთ და შიგნით დასაჯდომი ადგილებიც. ყველაფერი იმდენად ფერადია, ჯერ რეკლამა არ გაგვიკეთებია და ხალხი ამ ფერადი ინტერიერის და ექსტერიერის გამო მოდის.
საიდან გაჩნდა იდეა? უცხოეთში ძალიან პოპულარულია ქათამი გრილზე, რადგან ქათამი ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე მარტივი კერძია. ჩვენთან რომ შემოხვალთ გვაქვს - ქათამი გრილზე, რომელიც თავისივე ცხიმში იბრაწება. სპეციალურად ჩამოვიტანეთ აპარატი, რომელიც ბრაწავს ქათმებს, ბარკლებს და ქათმის ფრთებს. გემრიელ მარინადს ვუკეთებთ და ვყიდით ჯანსაღ გარნირებთან ერთად. გარნირებიდან გვაქვს ბრინჯი ბოსტნეულით და კარტოფილი. ადამიანს, რომელიც სამსახურშია და უნდა ადეკვატურ ფასად დანაყრება და არ სურს Fast Food-ის ჭამა, მოდის „წიწილაში“, ან იძახებს და ჭამს ძალიან გემრიელ და ჯანსაღ პროდუქტს, თან ჩვენი ულუფები ძალიან დიდია.
გარდა ქათამი გრილზე, გვაქვს სენდვიჩები, უგემრიელესი ლანჩები, რომელიც არა მარტო გრილისგან კეთდება, მენიუშია ქათამი პიკანტურად ბეკონში. გვაქვს ასევე Fast Food მიმართულებაც - ბუფალოს ფრთები, ბარბექიუ ფრთები, ხრაშუნა ფრთები, მილკშეიკები და ა.შ.
რა სეგმენტზე გათვლილი „წიწილა“, როგორია ფასები?
24 ლარი ღირს ლანჩი, რომელიც ძალიან დიდი ულუფაა და შეიძლება დღის განმავლობაში ორადაც გაყო. მასში შედის ნახევარი ქათამი და პლუს ბრინჯი-ბოსტნეულის ან კარტოფილის გარნირი. დიდი ზომის სენდვიჩები გვაქვს. მათი ფასი 16 ლარია. ჩვენთან ძვირი არაფერი არ ღირს.
როგორი იყო „წიწილას“ შექმნის საწყისი კაპიტალი
რეალურად მე და ჩემი მეუღლე, რატი წვერავა, ორივე ყოფილი ჟურნალისტები ვართ და რესტორნის შექმნის კაპიტალი გვქონდა ნული. ბიზნეს-სესხი ავიღეთ და ამ სესხით გავხსენით „წიწილა“. ეს დიდ რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ გვჯერა ჩვენი პროდუქტის, რადგან მაღალი ხარისხი და მომსახურება გვაქვს, დიდია დედაჩემის როლი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სარესტორნო ბიზნესში, მისი ცოდნაც ზურგს გვიმაგრებს.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ „წიწილასთან“ დაკავშირებით?
ჩვენი გეგმაა, რომ წელს შევქმნათ ბრენდი. არ გავჩერდებით მარტო ერთ „წიწილაზე“, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ გვინდა.