ამ ტიპის სანქციები კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს - ამის შესახებ იურიდიული კომპანია BLB-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ „კომერსანტთან“, აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური სანქციების გამოყენებას პირდაპირი გავლენა ექნება კაპიტალურ ბაზრებზე და კიდევ უფრო გაურთულებს ქართულ კომპანიებს თანხის მოზიდვის შესაძლებლობებს.

„საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და საერთაშორისო მედიაში როცა ასეთი „ჰედლაინები“ ჩნდება, როგორიცაა პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ფიგურების დასანქცირება და სხვა მსგავსი, ეს ბუნებრივია კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ამ გარემოს გაუარესება ყველაზე მეტად არ უხარია ბიზნეს სექტორს და იმ ადამიანებს ვინც ბიზნესშია დასაქმებულია. საერთაშორისო თვალსაზრისით ასეთი ფაქტი აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას ზოგადი სახით, კონკრეტულად კი მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის პოლიტიკური სანქციების გამოყენებას პირდაპირი გავლენა ექნება კაპიტალურ ბაზრებზე და კიდევ უფრო გაურთულებს ქართულ კომპანიებს თანხის მოზიდვის შესაძლებლობებს, განსაკუთრებით აშშ-დან და ევროპიდან.

ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა ვითარებამ და იმ განწყობებმა რაც მედიაში „მუსირებს“, უკვე დააზარალა ბიზნესი, ძალიან ბევრ ინვესტიცია დაპაუზებულია და ელოდება მოვლენების განვითარებას, ბევრმა კი საერთოდ უარი თქვა ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებაზე. ახალ-ახალი სანქციების გამოჩენა უფრო მეტად აუარესებს ქვეყნის იმიჯს, მისი გამოსწორება კი მოკლე პერიოდში ვერ მოხერხდება, ეს დიდ დროს მოითხოვს. ძალიან სამწუხაროა მსგავსი ფაქტები და ეს პირველ რიგში აზარალეს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს“, - ამბობს კახა შარაბიძე.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს ასევე საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.