„ავანსიც თუ შემცირდება და „თეთრი სიაც“ არ იქნება, სერიოზულად გაუჭირდება ყველა კეთილსინდისიერ ინფრასტრუქტურულ კომპანიას. თუ ვცდები, ამას დრო გვაჩვენებს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელმა, პაატა ტრაპაიძემ განაცხადა.
ინფორმაციისთვის, 15 სექტემბერს მთავრობამ და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრა გამართა, სადაც განხილულ იქნა სახელმწიფო ტენდერებში დღეს მოქმედი ე.წ თეთრი სიების გაუქმების საკითხი. როგორც სამთავრობო პირებმა განმარტეს, აღნიშნულის მიზეზია ის, რომ ზოგიერთმა კომპანიამ „თეთრი სიები“ „არაკეთილსინდისიერად“ გამოიყენა.
როგორც ტრაპაიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, თუ რომელიმე კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა, უნდა მოხდეს ამ კომპანიის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარება და ყველა კომპანია „ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს“.
„პირველი, საინტერესოა, რატომ უქმდება „თეთრი სიები“. როგორც გვიხსნიან, „თეთრი სიების“ გაუქმება განიხილება იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლა არაკეთილსინდისიერადო. მეორე, უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკას ძალადობა არ უყვარს, ეკონომიკას უყვარს მოტივაცია. რომ ავხსნათ „თეთრი სია“ აკეთებდა იმას, რომ ჩვენ იმის მაგივრად, რომ საბანკო კრედიტში გადაგვეხადა 15%, ამას გვაძლევდა გარანტიის ფონზე, რადგან გვენდობოდა „თეთრის სიების“ საშუალებით. გვენდობოდა დამკვეთი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რადგან ვიყავით კეთილსინდისიერები. არაკეთილსინდისიერს ხომ არავინ არ ენდობა? ბანკიც კი არ მისცემს ასეთ კომპანიას კრედიტს.
კითხვა მაქვს ასეთი, ოც წელიწადია ამ სფეროში ვმუშაობ, ძალიან ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული იმ მთავრობაშიც და ამ მთავრობაშიც. არც იმ მთავრობაში და არც ამ მთავრობაში სახურავი, ე.წ „კრიშა“ მე არ მყოლია და არც არავისთვის ფული არ მიმიცია. სხვა თუ არაკეთილსინდისიერად მოიქცა, ის დასაჯე, მე რატომ მსჯი? ყველა რატომ ვიხარშებით ერთ ქვაბში? რატომ უნდა დავისაჯოთ ჩვენ, ვიღაც არაკეთილსინდისიერი კომპანიის გამო? რეალურად, პირიქით უნდა იყოს - უნდა გამოვაცალკეოთ ის კომპანიები, რომლებიც კეთილსინდისიერად იქცევიან და კიდევ უფრო მეტად უნდა მივცეთ მოტივაცია, რომ კეთილსინდისიერი მუშაობა გააგრძელოს. ამ ქმედებით [„თეთრი სიების“ გაუქმება] გამოდის, რომ ამ ქვეყანაში კეთილსინდისიერად მოიქცევი თუ თაღლითი იქნები, მაინც ერთი და იგივე შედეგი იქნება. ეს სწორი მიდგომაა? ამით რას ვუწყობთ ხელს, თაღლითობას?
ბიზნესს აქვს ასეთი კანონი, რომ დამკვეთი ყოველთვის მართალია. ჩვენ გვინდა არ გვინდა, ავყვებით ამ პროცესს, ბოიკოტს ხომ არ გამოვაცხადებთ? მე არ ვარ ბოიკოტს მომხრე არაფერში, მაგრამ არა მგონია, რომ ამგვარი მიდგომა მოტივაციას მისცემს ვინმეს ან კარგ საქმეს გააკეთებს“, - ამბობს ტრაპაიძე.
ამასთანავე, რესპონდენტს ვკითხეთ, „თეთრი სიების“ გაუქმებას, გაართულებს თუ არა კომპანიებსა და ბანკებს შორის ურთიერთობას კრედიტების გაცემის ნაწილში:
„რა თქმა უნდა... სხვათა შორის, როცა იყო შეხვედრა, ვიღაცას უთქვამს, რომ დღეს ამ რაოდენობის კომპანიები მოვიდნენ და 1-2 წლის შემდეგ აქ ათ კომპანიასაც ვერ შეკრებთო. არგუმენტად მარტო ის მოვისმინეთ, რომ ვიღაც მოიქცა არაკეთილსინდისიერად - კეთილი, დასაჯეთ! მე ჯერჯერობით დასჯილი ადამიანი არ მინახავს. იქნებ ვცდები, არ მინდა, რომ მარტო კრიტიკული ვიყო, მაგრამ მე ვერ ვხედავ სხვა რამეს ახლა. არგუმენტირებული პოზიცია ვერ მოვისმინე, რამ გამოიწვია „თეთრი სიების“ გაუქმების საკითხის წამოწევა. მესმის, რომ დამკვეთია და უნდა იქნება ეს სიები, უნდა არა, ამაში ვერ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩინური კომპანიები გვჭირდება?! იმათ სახელმწიფო უდგას უკან, ყველა ჩინური კომპანია, რომელიც ამ სფეროში საქართველოში მოღვაწეობს, ყველა სახელმწიფო კომპანიაა. ჩვენს კერძო კომპანიებს უჭირთ სხვადასხვა მიზეზების გამო. სესხი არის 15%-იანი, სესხის გარეშე ჩვენ გვიჭირს, ავანსიც თუ შემცირდება და „თეთრი სიაც“ არ იქნება, სერიოზულად გაუჭირდება ყველა ნორმალურ, კეთილსინდისიერ ინფრასტრუქტურულ კომპანიას. თუ ვცდები, ამას დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ პაატა ტრაპაიძემ.