2023 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავტოიმპორტიორების მოთხოვნა დააკმაყოფილა და იმ ავტომობილების განბაჟების ვადა, რომელთა ტრანსპორტირება უკვე დაწყებული იყო, გახანგრძლივდა.
2024 წლის იანვრიდან მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა, სწორედ ამ პროცესიდან გამომდინარე ავტოიმპორტიორები საუბრობდნენ იმ პრობლემებზე რაც ტრანსპორტირების დროს ვადებთან დაკავშირებით იქმნება და ითხოვდნენ , რომ დამატებით დრო ყოფილიყო მათთვის 2013-წლამდელი იმ ავტომობილების შემთხვევაში, რომელთა ტრანსპორტირება გადაწყვეტილების მიღებამდე უკვე დაწყებული იყო.
როგორ აფასებს სექტორი აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რა ვადებზეა საუბარი და როდემდე აქვთ ავტოიმპორტიორებს ეს შეღავათი თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა.
მისი თქმით სექტორთან კომუნიკაციის შედეგად მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა იმ ავტოიმპორტიორებისთვის ვინც მოახერხა და პირველ დეკემბრამდე დატვირთა გემზე ავტომობილი.
„რა ვადის დაგვიანებითაც არ უნდა ჩამოვიდეს ეს ავტომობილი, ბუნებრივია რეგისტრაციას გაივლიან და ისარგებლებენ კანონმდებლობით გათვალისწინებული სამთვიანი ვადით.
ჩვენ კომპანიებისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ასე კონკრეტული რიცხვის დასახელება რთულია, თუმცა საუბარი იყო სადღაც 1500 ავტომობილზე. სადღაც რომ ვიანგარიშოთ 3000 დოლარზე, ამ გადაწყვეტილებით დარგმა თავიდან აიცილა 4,5 მილიონი დოლარის ზარალი. მათ შორის არა მხოლოდ ავტოიმპორტიორები არიან, არიან ავტო მფლობელებიც. იყო გარკვეული ადამიანები, რომლებსაც სურდათ, რომ კონკრეტული მოდელი შეეძინათ, მაგრამ ვერ ყიდულობდნენ და როდესაც ეს შესაძლებლობა გაჩნდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეძინა ეს ავტომობილი. ჩვეულებრივი ავტო მფლობელებიც იყვნენ, რომლებმაც შეიძინეს ავტომობილი და ვერ ასწრებდნენ ჩამოყვანას.
ჩვენ საკითხი დავაყენეთ სამინისტროში, სურვილი გვქონდა, რომ ვინც პირველ დეკემბრამდე შეიძინა, მათაც შეხებოდათ შეღავათი, პირველი დეკემბერი დარჩა თუმცა სამინისტრომ შეცვალა გადაწყვეტილება და ეხებათ მათ ვინც გემზე დატვირთა, რადგან შეუძლებელია იმის დადასტურება თუ როდის მოხდა ავტომობილის შეძენა. საიტის მონაცემები თუ როდის შეიძინეს ნაკლებად სანდო აღმოჩნდა.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
ნონიაძის თქმით გარკვეული კატეგორია არის ვინც პირველი დეკემბრის იქით მოექცა, შეიძლება ნოემბერში ჰქონდა შეძენილი ამ ადამიანებს, მაგრამ გემზე დაიტვირთა 1 დეკემბრის შემდეგ შესაბამისად მათ ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ.
„როდესაც კონკრეტული ფაქტების წინაშე დავდგებით, ჩვენ უფრო შევძლებთ საუბარს, უფრო მეტი ციფრობრივი მასალა გვექნება, რამდენი მანქანა შემოვა ქვეყანაში.
სახელმწიფო გადაწყვეტილებას იღებს მაშინ, როდესაც მასშტაბურია პრობლემა, რამდენიმე აქტიური ადამიანი დაგვიკავშირდა და ნათლად აგვიხსნეს და მიგვახვედრეს, რომ ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია იმ კონტეინერების შეღავათზე, რომელიც 1 დეკემბრის მერე დაიტვირთა. იმ შემთხვევაში თუ ზარალის მოცემულობა დიდი იქნება შესაძლოა მთავრობა საკითხს დაუბრუნდეს, თუმცა მიგვანიშნეს ნათლად, რომ ამის იქით სახელმწიფო დათმობას არ აპირებს“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
ნონიაძე ასევე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ არა მხოლოდ ავტოიმპორტიორების, არამედ ავტომფლობელთა ინტერესების დაცვასაც გეგმავს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე სექტორს მთავრობასთან კომუნიკაცია აუცილებლად ექნება.
„არამარტო მიწოდება, არამედ დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოთხოვნა, მეორე მხარეს დგას მომხმარებელი და ასე უნდა შევხედოთ საკითხს, სწორედ ამ ქეისმა გვაჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცვა. ჩვენი ასოციაცია მუდმივად გააგრძელებს არა მხოლოდ ავტოიმპორტიორების არამედ მომხმარებლის უფლებების დაცვას. ვეცდებით რომ ბოლომდე მივყვეთ ამ საკითხს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა," - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.