22 აპრილიდან შაქრის იმპორტიორ კომპანიებს 1 ტონა შაქარზე დამატებით 400 ლარის გადახდა მოუწევთ. 10 აპრილს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმპორტირებულ შაქარზე ერთი წლის ვადით გადასახადი დაწესდა. 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება. ,,შპს L- ჯორჯია’’ ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია, რომელსაც შაქარი ევროპიდან შემოაქვს. კომპანიის მთავარი ბუღალტერი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გადასახადის დაწესება შაქრის ფასზე იმოქმედებს და მომხმარებელს გაძვირებული პროდუქტის შეძენა მოუწევს. კომპანიაში განმარტავენ, რომ შაქრის ფასმა ევროპაშიც მოიმატა და გაზრდილი ხარჯების პირობებში მათ შესაძლოა იმპორტის მოცულობა შეამცირონ ან მუშაობა საერთოდ შეწყვიტონ.
,,გავლენას მოახდენს და ფასი გაიზრდება. როცა გადასახადი იმატებს, შესაბამისად ეს მოქმედებს ფასზე. 50 კგ.-ზე ანუ ერთ ტომარა შაქარზე 20 ლარით მოიმატებს ფასი. ჩვენ შეიძლება არც შემოვიტანოთ ამ ფასში. აზრი არ ექნება უბრალოდ. ჩვენ ევროპიდან შემოგვაქვს შაქარი და ევროპაში ისედაც გაზრდილია ფასები. ასე, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა. ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი შემომტანები ვართ. მოცულობით ძალიან ბევრი შაქარი შემოგვაქვს და საბითუმოდ ვვაჭრობთ. ეს გადასახადი რაც დაამატეს ძალიან ცუდია ბაზრისთვის. შეიძლება მოცულობა იმდენი არ შემოვიტანოთ რამდენიც შემოგვქონდა და იმდენი შემოვიტანოთ, რომ ორგანიზაცია შევინარჩუნოთ. დიდი მასშტაბზე ალბათ ვერ გავქაჩავთ თუ რამე არ შეიცვალა. დატვირთული გვაქვს და ერთი პარტია უნდა წამოსულიყო. 22 აპრილამდე რაც არის დატვირთული იმას არ შეეხება გაძვირება და 22 აპრილის შემდეგ დატვირთულზე გაგვეზრდება ფასი. ფასს გააძვირებს, ეს მომხმარებლისთვის არის ცუდი.’’- აცხადებს კომპანიის მთავარი ბუღალტერი ირაკლი გოგიბერაშვილი.
,,შპს L- ჯორჯია’’-ში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი წარმოება ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად ვერ დააკმაყოფილებს, რის გამოც საჭირო იქნება მოთხოვნის შევსება. მათ მიერ შემოტანილი შაქარი კი ძვირი იქნება, რაც კონკურენციის დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
,,არ მგონია ადგილობრივი წარმოება გასწვდეს ბაზარს, თუმცა თუ ვერ გასწვდება უნდა შეივსოს. ჩვენი შემოტანილი შაქარი იქნება ძვირი და ფასს გააძვირებს. თუ ევროპაში შაქრის ფასი წამოვა ქვემოთ, მაშინ აზრი ექნება შემოტანას. თუ ეს სიტუაცია გაგრძელდება დღეს რაც არის, მაშინ აზრი არ ექნება უბრალოდ.’’- აცხადებს ირაკლი გოგიბერაშვილი.
,,შპს L- ჯორჯიაში’’ ერთი ტომარა, (50 კგ) შაქრის ფასი 105 ლარიდან იწყება. საბითუმო ფასი ერთ კილოგრამ შაქარზე ტრანსპორტირების გარეშე 2 ლარსა და 10 თეთრის შეადგენს. თუმცა 22 აპრილის შემდეგ შემოტანილ შაქარზე ფასი გაიზრდება. ტომრის ფასი 20 ლარით გაძვირდება.