სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ომის შედეგად ყველაზე დიდი დანაკლისი ამ ეტაპზე გუდაურს აქვს.
როგორც შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ გუდაურში ზამთრის სეზონი უკვე მთავრდება, ჯავშნების გადავადება ვერ ხერხდება. მისი თქმით, თბილისში შედარებით ნაკლებია დანაკლისი, რადგან ჯავშნების ნაწილმა შემდეგ თვეებში გადაინაცვლა.
“ყველაზე დიდი დარტყმა ამ ეტაპზე მიიღო გუდაურმა. გუდაურის წლევანდელი წლის ჯავშნების 60-70% მოდიოდა გალფის ქვეყნებზე და ისრაელზე. ამ ეტაპისთვის ამ ქვეყნებიდან ფრენა ფიზიკურად აღარ არის, შესაბამისად ჯავშნების გადავადებაც ვერ მოხდება, იმიტომ რომ უკვე სეზონი მთავრდება. მაგალითად, ისე როგორც მოხდა თბილისში, ძირითადი ჯავშნები გადავადდა ორი-სამი თვით, ეს ვერ მოხდა გუდაურში, ამიტომ ყველაზე დაზარალებული ამ ეტაპზე გუდაურია.
შემდგომია კაზინო-სასტუმროები ბათუმში, სადაც ძირითადად ხდებოდა ჩარტერებით ისრაელიდან მოთამაშე ებრაელების ჩამოყვანა. ამ ეტაპზე თბილისში 15%-იანი კლება გვაქვს, თუმცა დედაქალაქში ამ ეტაპისთვის კატასტროფული მდგომარეობა არ არის და ჯერჯერობით ვუმკლავდებით სიტუაციას.
ერთი, რაც ჩვენთვის დამაიმედებელია, ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, რომლებიც მაგალითად, დუბაიში წასვლას გეგმავდნენ და გადმომისამართება უნდათ საქართველოში. იმედია, ეს გადმომისამართება მოხდება დროულად და ეს ჩაანაცვლებს მაგალითად თბილისის მიმართულებას, თუმცა სამწუხაროდ, ყველაზე დიდი კრიზისი ამ წუთში გუდაურს აქვს”, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.