ავტომობილების განბაჟების გაძვირებამ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა.

როგორც კომპანია Carmark-ის დირექტორი ირაკლი კუხიანიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ახალი რეგულაციის ფონზე დილერების დაახლოებით, 90% ავტომობილების შესყიდვისგან თავს იკავებს, ხოლო ფიზიკურ პირებში გაყიდვები 65%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე გამოშვებული ყველა ავტომობილის განბაჟება გაძვირდა. ახალი კანონმდებლობით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრა. ცვლილება შეეხო 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთა განბაჟების ტარიფი აქამდე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის კი განბაჟების საფასური 4.5 ლარი გახდა, მაშინ როდესაც ძველი რედაქციით ძრავის 1 კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა.

ირაკლი კუხიანიძის თქმით, გაზრდილმა ხარჯმა, აშშ-ის ბაზარზე შექმნილ მდგომარეობასთან ერთად, მომხმარებლების გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

„ამ ახალმა კანონმა ადგილობრივი ბაზარი სერიოზულად დააზარალა. ახლა კიდევ უფრო ჩანს, რომ ფაქტობრივად, დილერების 90% გაჩერებულია, აღარ ყიდულობენ ავტომობილებს ჩამოსაყვანად.

ფიზიკური პირებიც, ვისაც თავისთვის უნდა ავტომობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მანქანები გაძვირდა აშშ-ში ე.წ. კრიზისის გამო და ამას დაემატა ჩვენთან ახალი რეგულაცია (ასაკობრივი საიმპორტო გადასახადი), თავს იკავებენ ახალი ავტომობილის ყიდვისგან. დაახლოებით, 65%-იანი ვარდნა გვაქვს ფიზიკურ პირებზე ავტომობილების გაყიდვებში.

ლიდები, რაც შემოდის ძირითადად ჩინურ მანქანებზე შემოდის. ჩინეთი ახალი ბაზარია და ხალხი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. აქამდე ამდენი ლიდი არ შემოდიოდა ჩინეთზე. არც ბრენდებს იცნობენ, მათი ხარისხი არ იციან, სიახლეა და შესწავლის და გადარჩევის პროცესია მოსახლეობაში.

დილერებს არ უნდათ ჩინური ავტომობილების ჩამოყვანა გასაყიდად, რადგან არ იციან, როგორ უნდა გაყიდონ, გარანტიებს სთხოვენ და ა.შ. ამიტომ ფიზიკური პირები უფრო აქტიურობენ ჩინეთის მიმართულებაზე“, - ამბობს ირაკლი კუხიანიძე.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“