„ზოგიერთი კომპანიის საწყობი ამ შეზღუდულ ზონაშია მოხვედრილი, საერთოდ პარალიზებულია და არაშეზღუდულ ზონაშიც ვერ გადის,“ - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ, 1-ლი იანვრიდან დისტრიბუტორებისთვის თბილისში ამოქმედებულ რეგულაციაზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს დედაქალაქში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდათ. შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.
„დისტრიბუტორი კომპანიები იმავე ინტენსივობით ვერ მოამარაგებენ მაღაზიებს, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ, ეს დროსთან არის დაკავშირებული, რაც გულისხმობს ახალი ავტოპარკის ანუ ტრანსპორტის დამატების საჭიროებას. ერთი გაბარიტული მანქანა ჩანაცვლდება სამი „მარშუტკით“, რაც სატრანსპორტო კუთხით უკუსვლაა და ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება. მოგვიწევს დამატებითი მუშახელის აყვანა, რაც გულისხმობს გასაცემი ხელფასის ზრდას.
არის კომპანიები, რომელთა საწყობები პირდაპირ ამ შეზღუდულ ზონაში არის მოხვედრილი, საერთოდ პარალიზებული არის და არაშეზღუდულ ზონაშიც ვერ გადის 11 საათამდე. დილის 8 საათამდე რომ გავიდეს სატრანსპორტო საშუალება, პროდუქციის მიმღები არ დახვდება ადგილზე. ფიზიკურად აზრი არა აქვს საწყობის დატოვებას, უკვე პოტენციურმა კლიენტმა ინტერესიც დაკარგა მასთან ექირავებინა საწყობი, რადგან ეს ოპერირებაში მნიშვნელოვნად აფერხებს.
ვფიქრობ, დედაქალაქის მერის ინფორმირება არ მოხდა სწორად, რომ ეს გადაწყვეტილება მსგავსი სახით არ მიღებულიყო, მაგრამ შეზღუდულ ზონაში საწარმოების არსებობა არის საკმაოდ დიდი პრობლემა, რომელსაც მილიონობით ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, თუმცა ისინი ინფორმირებულიც არ იყვნენ ამ შესაძლო შეზღუდვებზე,“ - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
ცნობისთვის, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. ეს შეზღუდვა 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის.
რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.
შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.
დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.
წყარო: bpn.ge