საქართველოში ორ წამყვან ონლაინ კაზინო-ტოტალიზატორს 2021 წელს ჯამურად 1 მილიარდზე მეტი ბრუნვა ჰქონდა. ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიების შპს „ატლას“ (adjarabet.com) და შპს „მარსის“ (Crystalbet) ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა მიმოიხილა.

Adjarabet-ი 10-ე ადგილზეა ქვეყანაში 2021 წლის შემოსავლების მიხედვით. აჭარაბეთი ძირითადად ონლაინ თამაშების (კაზინო / ტოტალიზატორი) ბიზნესს აწარმოებს როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში. Crystalbet-ი კი 20-ე ადგილზეა ქვეყანაში 2021 წლის შემოსავლების მიხედვით. კომპანიის საქმიანობა ძირითადად ხორციელდება საქართველოში საკუთარი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. 

2021 წელს adjarabet-ის შემოსავლებმა ₾639 მილიონი შეადგინა, რაც 40%-ით აღემატება ბაზრის მეორე მონაწილის Crystalbet-ის შემოსავლებს. აღსანიშნავია, რომ აჭარაბეთის შემოსავლების 40%-ი მოდის სომხეთზე, მაშინ როდესაც Crystalbet-ის საქმიანობა ძირითადად საქართველოში ხორციელდება. შესაბამისად, საქართველოს მაშტაბით Crystalbet-ი ლიდერობს.

„ორივე კომპანიის შემთხვევაში შემოსავალების ყველაზე დიდი წილი გენერირდება ონლაინ კაზინოდან. შემოსავლის მეორე ძირითად წყაროს სპორტული ფსონებიდან მიღებული შემოსავალი (ტოტალიზატორი) წარმოადგენს, სადაც Crystalbet-ს მნიშვნელოვანი უპირატესობა.

ორივე კომპანიას ასევე აქვს peer-to-peer თამაშები (მაგ.: პოკერი), საიდანაც საკომისიოს სახით იღებენ შემოსავალს. ვინაიდან კომპანიები ძირითადად ონლაინ რეჟიმში ოპერირებენ, კოვიდ პანდემიას უარყოფითი გავლენა არ ჰქონია მათ შემოსავლიანობაზე და 2020 წელსაც საკმაოდ დიდი ზრდა აჩვენეს“, - აღნიშნავენ Finspot-ში.

2019 წლის თებერვლამდე adjarabet-ის 100%-იანი არაპირდაპირი წილის მფლობელი იყო თეიმურაზ უგულავა (შპს „სითი ლოფტი“-ის გავლით). 2019 წელს მფლობელმა აჭარაბეთის 51%-იანი წილი მიყიდა Flutter Entertainment-ს ₾352 მილიონად. 2022 წლის ივლისში კი დარჩენილი 49%-იანი წილიც გაყიდა ₾725 მილიონად, რაც კომპანიის სრულ ღირებულებას აფასებს ₾1.5 მილიარდად. ამჟამად Flutter Entertainment-ი აჭარაბეთის 100%-იანი წილის საბოლოო მფლობელია

2018 წლამდე Crystalbet-ის მფლობელები იყვნენ ლევან ახვლედიანი (60%), კნიაზ დასენი (25%) და გიორგი ჩხეიძე (15%). 2018 წლის აპრილში Crystalbet-ის 51%-იანი წილი შეისყიდა Entain plc-მა ₾125 მილიონად, 2021 წელს კი დარჩენილი 49%-იც იყიდა ₾560 მილიონად. ამჟამად Entain plc კრისტალბეთის 100%-იანი წილის საბოლოო მფლობელია (კომპანიების წილების შესყიდვის ფასები ლარებში დაკონვერტირებულია შესყიდვის დროს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით).