„ადგილობრივი ბაზარზე მონაწილეების რაოდენობა და კონკურენცია გაიზარდა და ქართველი დილერი მძიმე მდგომარეობაშია“, - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ იზრდება როგორც მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, ისე ექსპორტი. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე გავიდა 1.479 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები (ჯამში 60 442 ერთეული). ეს კი მაშინ, როცა წინა წლის იმავე პერიოდში ექსპორტირებულია 1.193 მილიარდი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები (სულ 57 323 ერთეული).
რაც შეეხება იმპორტის, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტირებულია 1.879 მილიარდი დოლარის ღირებულების 118 293 ავტომობილი. წელს იმავე პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 125 296 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 2.058 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.
მიუხედავად იმისა, რომ იზრდება იმპორტ-ექსპორტი, ქართველი ავტოდილერები ადგილობრივ ბაზარზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. როგორც ალექსი ნონიაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა კონკურენცია. კერძოდ, მისი თქმით, ქართველ ლიდერებთან კონკურენციაში შემოდიან უკვე ყირგიზი და ყაზახი დილერები, რომლებიც თავად ახორციელებენ საქართველოს გავლით ექსპორტს.
ამასთანავე, ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ შექმნილ ვითარებაში და გაზრდილი კონკურენციის პირობებში ქართველი დილერების გაყიდვები, ფასები და მოგება შემცირებულია.
„თუ „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი იზრდება წინა წელთან მიმართებით. პირველ კვარტალში განსხვავებული ვითარება გვქონდა, მეორე კვარტალში გამოსწორდა სიტუაცია და მესამე კვარტალიც, ვფიქრობ, ასეთივე იქნება. ამას აჩვენებს ოფიციალური მონაცემები, თუმცა, რეალურად ცუდ მდგომარეობაშია დღეს ქართველი დილერი.
ადგილობრივი ბაზარზე მონაწილეების რაოდენობა და კონკურენცია გაიზარდა და ქართველი დილერი მძიმე მდგომარეობაშია. მათი გაყიდვების რაოდენობა მცირდება, მოგებაც მცირდება. ფაქტობრივად, თვითღირებულების ტოლფასია და მოგების მარჟა მინიმალურია. ზოგადი მაჩვენებლებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ რეალური მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია, იმიტომ, რომ ძალიან დიდ კონკურენციას უწევენ ადგილობრივ დილერებს ყირგიზი და ყაზახი დილერი“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.