განვლილ 30 საქმიან წელზე, გამოწვევებსა და წარმატებებზე, იურიდიული კომპანია BLB-ის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ დავაზე, რომელიც ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილსა და ამერიკულ „ნეტფლიქსს“ შორის წარმოიშვა, კომპანიის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ და პარტნიორმა ანა რეხვიაშვილმა, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ისაუბრეს.
როგორც კახა შარაბიძე აღნიშნავს, სწორედ BLB აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც საქართველოში სამართლებრივი ბაზრის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამასთან, 1995 წელი - ეს იყო დრო, როცა ქვეყანაში მსგავსი საქმის წარმოების გამოცდილება პრაქტიკულად, არ არსებობდა.
„როცა ვაცნობიერებთ, რომ 30 წელია, ბაზარზე ვართ, თავადაც გვიკვირს ხოლმე. ფაქტი ის არის, რომ გვაქვს ბედნიერება, წარმოდგენილი ვიყოთ იურიდიულ ბაზარზე 30 წელი. დასაწყისი იოლი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, საინტერესო ის გახლდათ, რომ გვქონდა ბედნიერება, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების უშუალო მონაწილეები ვიყავით. მაგალითად, მსხვილი პრივატიზაციების, ახალი დარგების შექმნის - ტელეკომუნიკაციაში „მაგთიკომის“ გამოჩენით, ასევე, ვიყავით ინვესტორების გზამკვლევი პირველი კაპიტალის შემოდინებაში“, - ასე იხსენებს განვლილ წლებსა და პირველ გამოცდილებას კახა შარაბიძე.
საინტერესოა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, კახა შარაბიძე პირადად იყო ჩართული სამოქალაქო კოდექსის კომისიის მუშაობის პროცესში. ამავე დროს, ამ პერიოდის საქართველოში უკვე ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა საბაზრო ეკონომიკა, ქვეყანაში შემოდიოდნენ ინვესტორები, დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, ნელ-ნელა გაჩნდა იურისტების საჭიროება და BLB-ის დაფუძნებით კახა შარაბიძემ ბევრისთვის გასაკვირი ნაბიჯი გადადგა, მით უმეტეს, რომ მას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის რეალური პერსპექტივა ჰქონდა.
რაც შეეხება ანა რეხვიაშვილს, ის კომპანიას 13 წლის წინ შეუერთდა. როგორც თავადვე ამბობს, გაიარა კარიერის პრაქტიკულად, ყველა ეტაპი, დღეს კი BLB-ის პარტნიორია.
„დღემდე აღმაფრთოვანებს ხოლმე, როცა BLB-ის ისტორიას ვისმენ ან ამაზე თავად ვსაუბრობ. მართლა ცოტაა საქართველოში ისეთი იურიდიული ფირმა, რომელსაც ამხელა მემკვიდრეობა გააჩნია. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, BLB აგრძელებს საქმიანობას, მუდმივად ვითარდება, პოზიციებს ინარჩუნებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი სიახლე და თანამედროვე მიდგომები შესთავაზოს, უზრუნველყოს მათი ინტერესების ღირსეული დაცვა“, - ამბობს ანა რეხვიაშვილი.
რაც შეეხება BLB-ის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეს, რომელიც ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილსა და ამერიკულ გიგანტ „ნეტფლიქსს“ უკავშირდება, როგორც ცნობილია, ეს დავა ნონა გაფრინდაშვილის სასარგებლოდ გადაწყდა.
„გაოცებული ვიყავი, იმხელა საზოგადოებრივი ინტერესი გამოიჩინა ამ ამბავმა. სპორტის ყველა სახეობის გულშემატკივარი ნონა გაფრინდაშვილის გვერდში იყო. იყო ნიუანსი, როცა სარჩელი შევიტანეთ კალიფორნიის სასამართლოში და ქალბატონ ნონასთან „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ინტერვიუ ჩაწერა. ეს დრო დავამთხვიეთ იმას, როცა ფილმი 12 გრემზე იყო წარდგენილი. დაახლოებით 10 წუთში ინტერვიუმ მსოფლიო პრესა მოიცვა - წამებში ითარგმნებოდა ესპანურად, ფრანგულად, ჩინურად. უდიდესი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია.
ბოლო მოლაპარაკება ნეტფლიქსთან დაახლოებით 8 საათი გაგრძელდა. როცა პროცესი დასრულდა, ყველა გადაღლილები ვიყავით, ქალბატონი ნონა ისევ მხნედ გამოიყურებოდა.
მთავარი ამ პროცესში იყო პროფესიონალიზმი, სწორი სტრატეგიის დასახვა, შეუპოვრობა, სწორი მენეჯმენტი, მათ შორის, პიარის ნაწილში და ამაში ძალიან დიდი დახმარება branding.ge-მ აღმოგვიჩინა“, - განაცხადა კახა შარაბიძემ.
რაც შეეხება BLB-ის 30 წლიანი საქმიანობის შეფასებას, მხოლოდ ციფრებიც მეტყველებს, რამხელა შრომა აქვს ჩადებული კომპანიას კლიენტების ინტერესების დასაცავად. ანა რეხვიაშვილის ინფორმაციით, BLB-ის ყველაზე მცირე 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტებზე აქვს ნამუშევარი. ამასთან, ეს პროექტები ეხება მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოში განხორციელებულ დაფინანსებებს. ადგილობრივ ინვესტორებსა და ბიზნესთან მუშაობის შედეგად, BLB-ის 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დავებში აქვს მონაწილეობა მიღებული.