9 წლის წინ ქართულ ბაზარზე ახალი, ხელნაკეთი ნივთების ბრენდი გამოჩნდა, რომელმაც მომხმარებელთა გული მაღალი ხარისხითა და ინდივიდუალური დიზაინით მალევე მოიგო.

ნიკოლო ბრეგას წარმოებული სათვალეები ესპანეთის, იტალიის და ყველაზე დიდი რაოდენობით ამერიკის ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი სათვალეები ამერიკელმა ვარსკვლავმა, კაილი ჯენერმაც მოირგო.

ნიკოლო გვიყვება, რომ ბრენდის შექმნის იდეა უნივერსიტეტში მოუვიდა და დღემდე აბსოლუტურად ყველა ხარჯს თავად ფარავს. მიუხედავად გაფართოებისა, დღემდე მის პირად კონტროლზეა ბრენდის წარმოებული აბსოლუტურად ყველა პროდუქცია. თავიდან მარტო მუშაობდა, დღეს კი აბაშიძეზე მაღაზიას ფლობს და 10-მდე ადამიანის დამსაქმებელია.

„ბიზნესი 7 წლის წინ, 2016 წელს დავიწყეთ. ჩემი პროდუქციის პირველი მომხმარებელი თავად ვიყავი. უნივერსიტეტში, ჩემმა ლექტორმა მითხრა, რომ შემეძლო ბიზნესიდეა მქონოდა, რასაც შემდეგ გავყიდდი. პროდუქციის გასაყიდად გამოსატანად დაახლოებით 5-6 თვე დამჭირდა. ბევრი რთული პერიოდი გამოვიარე და ბევრ წიაამღდეგობას გადავაწყდი, თუმცა მაინც შევძელი. აბსოლუტურად ყველა ხარჯი პირადად ჩემი იყო, თავიდან კურიერიც მე ვიყავი.

თავიდან მარტო ვმუშაობდი, თუმცა როცა დაინტერესება დავინახე და ბრენდად ვიქეცით, თანამშრომლებიც დავამატე. ონლაინმაღაზიაც გვაქვს და აბაშიძის ქუჩაზეც გავხსენით მაღაზია, ახლა დაახლოებით 10-მდე თანამშრომელი გვყავს. არც ერთი ნივთი არ კეთდება ისე, რომ ჩემი ხელი არ ჩაერიოს. ამ ეტაპზე გვაქვს ხის სათვალეები, უჟანგავი მეტალის სათვალეები, ვერცხლის ჩარჩოიანი სათვალეები, პლასტმასის სათვალეები, ასევე საათები ხის და ვერცხლის.

გაზაფხულიდან ჩავუშვებთ მექანიკურ საათებს. ხაზი გვექნება ახალი, რომელიც ხელნაკეთი არ იქნება. ამ ეტაპზე ჩვენი ყველა ნივთი ხელნაკეთია, თუმცა ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დავადგინეთ, რომ რაღაც პროდუქცია გვჭირდებოდა, რომელიც ხელნაკეთი არ იქნებოდა. არა ხელნაკეთი პროდუქციაც უმაღლესი ხარისხის იქნება, ბიუჯეტურ ვერსიას არ ვაპირებთ, რადგან ხარისხის დაკარგვა არ გვინდა. ნებისმიერი ნივთი, არა ხელნაკეთი თუ ხელნაკეთი, უმაღლესი ხარისხის იქნება“,- გვიყვება ბრენდის დამაარსებელი ნიკოლოზ ბრეგაძე.

პროდუქცია, როგორც ორიგინალური და ინდივიდუალური აქსესუარები, განსაკუთრებით დიდ ინტერესს უცხოელების მხრიდან იწვევს. თუმცა, ბრენდის დამაარსებელი ამბობს, რომ ბოლო დროა, აბაშიძის ქუჩაზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, ტურისტები აღარ დადიან, რამაც გაყიდვები, რა საკვირველია, შეამცირა.

„თუ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებზე ვლაპარაკობთ, ეს თითქმის განულებულია. ტურისტები საერთოდ აღარ დადიან. აბაშიძეზე მოხეტიალე ტურისტები საერთოდ აღარ არიან და ლოგიკურად, მაღაზიაშიც აღარავინ შემოდის. 

თუმცა, უცხოურ ბაზარზე, სადაც გაგვაქვს პროდუქცია, იქ პრობლემა არ შეგვქმნია. მოდის სამყაროში, ლოს-ანჯელესში სამყაროდ მყარად გადავდგით ნაბიჯები. ამის შემდეგ ისეთი დაინტერესება იყო, რომ იქ კადაშიანების ოჯახიც კი დაინტერესდა. ტემპი შენელებული ახლაც არ არის, შეიძლება ითქვას, რომ მოდის სფეროში მყარად და კარგად ვართ.

ჩვენ იქ მაღაზიები არ გვაქვს, რამდენიმე სტენდი გვქონდა, თუმცა თავად მაღაზიას შეექმნა პრობლემა. ჩვენ მყიდველები გვიკავშირდებიან, კონკრეტულ მოდელებს და რაოდენობას გვიკვეთავენ და ვუგზავნით, არც გაგზავნაზე და არც კომუნიკაციაზე პრობლემა არ შეგვქმნია“,- ამბობს ნიკოლო ბრეგა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.